ბაშარ ასადი - აღმოსავლეთ ღუტაში სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება
ბაშარ ასადი - აღმოსავლეთ ღუტაში სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ ღუტაში სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება და მისი ძალები დედაქალაქის სიახლოვეს მეამბოხეების ბოლო მსხვილ ანკლავს აიღებენ.

„ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ. რაც შეეხება ღუტაში მიმდინარე ოპერაციას, ეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებაა ყველა მიმართულებით“, – განაცხდა ასადმა და ასევე აღნიშნა, რომ ღუტას მოსახლეობას სურს, დაუბრუნდეს სახელმწიფო მმართველობას.

ეს ოპერაცია სირიის სამოქალაქო ომში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანია. ასადის მთავრობა სამხედრო მოქმედებებს არ წყვეტს, მიუხედავად დასავლური საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდებისა, დაიდოს შეთანხმება 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. გაერო-ს სადამკვირვებლო მისიების მტკიცებით, ღუტაში ჰუმანიტარული დახმარებისა და სამედიცინო ევაკუაციის კატასტროფული საჭიროებაა.

ასადმა განაცხადა, რომ ვერ ხედავს პრობლემას მისი მოკავშირე რუსეთის მიერ შეთავაზებული, ყოველდღიურად ხუთსაათიანი ცეცხლის შეწყვეტის გეგმასთან დაკავშირებით. ამ გეგმის მიხედვით, ყოველდღე ხუთი საათით უნდა შეწყდეს საომარი მოქმედებები, რათა ღუტაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა და იქიდან დაჭრილების გამოყვანა მოხერხდეს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის ამ გეგმას დაცინვა უწოდა.