ბარტიმ ზედიზედ მე-14 მატჩი მოიგო, სერენამ ერთი სეტი დათმო | უიმბლდონი 2019
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ეშლი ბარტიმ 14 მატჩამდე გაზარდა თავისი მოგებათა სერია. მან 55 წუთში გაანადგურა ბელგიელი ალისონ ვან უიტვანკი – 6:1, 6:3.
ბარტის ბრეიკ-პოინტების რეალიზაციის შესანიშნავი მაჩვენებელი ჰქონდა – შვიდიდან ხუთი. ავსტრალიელმა საკუთარ მოწოდებაზე მხოლოდ 13 ქულა წააგო.
შეგახსენებთ, რომ ბარტიმ მოიგო როლან გაროსი, რის შემდეგაც ბირმინგემის ტურნირზე გაიმარჯვა. ამით ის გახდა პირველი ჩოგბურთელი ჟუსტინ ანენის (2007) შემდეგ, რომელმაც როლან გაროსი და ბალახის ტურნირი მოიგო ერთ სეზონში.
სერიოზული ტესტის ჩაბარება მოუწია სერენა უილიამსს. ლეგენდა ხვდებოდა 18 წლის სლოვენიელ კაია იუვანს და სენსაციურად წააგო პირველი სეტი – 2:6. ამის შემდეგ, ამერიკელმა შეძლო ინიციატივის მოპოვება და მომდევნო ორ სეტში ორ-ორი ბრეიკი შეასრულა, რასაც სლოვენიელმა ერთით უპასუხა – 2:6, 6:2, 6:4.