„ბარსელონას“ იანვარში მესისთან კონტრაქტის გაფორმება სურს - იქამდე, სანამ ლა ლიგასგან თანხების ხარჯვაზე შეზღუდვა არ აქვს #1TVSPORT
„ბარსელონას“ იანვარში მესისთან კონტრაქტის გაფორმება სურს - იქამდე, სანამ ლა ლიგასგან თანხების ხარჯვაზე შეზღუდვა არ აქვს #1TVSPORT

„ბარსელონას“ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შემდეგ, იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას ლიონელ მესის გაფორმება სურს.

გამოცემა Diario Sport-ის ინფორმაციით, კატალონურ კლუბს უნდა ისარგებლოს იმ გარემოებით, რომ ზამთრის სატრანსფერო ბაზრისას შეეძლება ახალი მოთამაშეების გაფორმება ლა ლიგას 1/1 წესით.

ეკონომიკური ბერკეტების აქტივიზაციის შემდეგ, „ბარსელონას“ ფინანსური შეზღუდვები მოუხსნეს – თუ ადრე გამოიყენებოდა 1/4 წესი (ფინანსური შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც ლა ლიგას კლუბს, რომელმაც გადააჭარბა თავისი ხელფასის ლიმიტს, შეუძლია მხოლოდ ერთი ევრო დახარჯოს დაზოგილი ოთხი ევროდან), წლევანდელი ზაფხულიდან მოყოლებული „ბარსელონაზე“ ვრცელდება 1/1 წესი (შესაძლებელია ყოველი გამომუშავებული ევროს დახარჯვა).

მომავალი წლის ზაფხულიდან „ბარსელონასთან“ მიმართებაში ისევ იმოქმედებს 1/4 წესი, რაც მესის ტრანსფერს პრაქტიკულად გამორიცხავს. ამიტომაც კლუბის პრეზიდენტს ჟოან ლაპორტას უნდა არგენტინელი ზამთარში გაიფორმოს.

გარიგების განხორციელება რამდენიმე მიზეზით ძალიან რთული იქნება. პირველი – „პარი სენ-ჟერმენი“ არ აპირებს სეზონის მსვლელობისას მესისთან გამოთხოვებას. მეორე – კლუბებს შორის დაძაბული ურთიერთობაა, ამიტომაც პარიზელები არ წავლენ ამ საკითხში დათმობაზე. მესამე – ახლა მესი კონცენტრირებულია მსოფლიოს ჩემპიონატზე და „პარი სენ-ჟერმენის“ მიზნებზე.

ყველა ამ გარემოებას თუ გავითვალისწინებთ, ლაპორტას ჩანაფიქრი განუხორციელებელ მისიად მოჩანს. ამ მომენტისთვის, „ბარსელონას“ ჯერ არ ჰქონია კონტაქტი მესისთან. ამას ყველა მხარე ადასტურებს. ლაპორტას მხრიდან შუამავლები ცდილობდნენ კონტაქტის დამყარებას, მაგრამ არც მესი და არც პსჟ-ს პრეზიდენტი ნასერ ალ-ჰელაიფი კავშირზე არ გასულან.

ლაპორტა პარიზში იმყოფებოდა „ოქროს ბურთის“ დაჯილდოვების ცერემონიაზე და მესისთან შეხვედრა უნდოდა, მაგრამ ვერ შეძლო.

მიმდინარე სეზონში 35 წლის არგენტინელმა 15 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.