„ბარსელონამ“ ლევანდოვსკის სადებიუტო გოლით „პუმასი“ გაანადგურა და გამპერის თასი ზედიზედ მეათედ მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
„ბარსელონამ“ დაასრულა მზადება ახალი სეზონისთვის. კატალონიელებმა „კამპ ნოუზე“ მექსიკური „პუმასი“ 6:0 გაანადგურეს და ზედიზედ მეათედ მოიგეს გამპერის თასი.
„პუმასში“ დანი ალვეში თამაშობს, რომელსაც მატჩის წინ „ბარსელონამ“ გაცილება მოუწყო, შემდეგ კი ბრაზილიელის ახალ გუნდს ექვსი გოლი გაუტანა.
უკვე მესამე წუთზე პედრის შესანიშნავი პასის შემდეგ, „ბარსელონაში“ თავისი გოლების ანგარიში გახსნა რობერტ ლევანდოვსკიმ. შემდეგ ამ ფეხბურთელებმა როლები გაცვალეს და პოლონელის ორი საგოლე პასით ესპანელმა დუბლი მიითვალა. აქედან ერთი გადაცემა ლევანდოვსკიმ ქუსლით შეასრულა. პირველ ტაიმში კიდევ ერთი გოლი დემბელემ შეაგდო რაფინიას პასით.
მეორე ტაიმში „ბარსელონას“ კიდევ ერთმა ახალბედამ გამოიჩინა თავი – ფრანკ კესიემ პიერ-ემერიკ ობამეიანგს გაატანინა, ბოლო გოლი კი ფრენკი დე იონგმა შეაგდო, რომელსაც კვლავინდებურად „ბარსადან“ წასვლას უწინასწარმეტყველებენ.
ეს იყო გამპერის თასის 57-ე გათამაშება და „ბარსელონას“ 45-ე გამარჯვება. მეორე ადგილზეა „კიოლნი“, რომელსაც ეს პრიზი ორჯერ აქვს მოგებული. გამპერის თასზე „ბარსას“ ბოლო წაგება 2012 წლით თარიღდება, როცა კატალონიელები „სამპდორიასთან“ დამარცხდნენ.
ეს არის მეორე შემთხვევა წინასასეზონო მზადებისას, როცა „ბარსელონამ“ 6:0 მოიგო. ამ ანგარიშით მან 19 ივლისს „ინტერ მაიამი“ დაამარცხა. ასევე, კატალონელებმა 1:0 მოუგეს „რეალს“, 2:0 „ნიუ იორკ რედ ბულსს“ და 2:2 ითამაშეს „იუვენტუსთან“. ამ მატჩებში საუკეთესო ბომბარდირი გახდა დემბელე, რომელმაც ხუთი გოლი გაიტანა. ერთზე მეტი გოლი ჰქონდათ პედრის, ობამეიანგს, რაფინიასა და დეპაის.
„ბარსელონა“ ლა ლიგას პირველი ტურის მატჩს 13 აგვისტოს შინ ჩაატარებს, „რაიო ვალეკანოს“ წინააღმდეგ.
ბარსელონა-პუმასი 6:0
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (3), 2:0 პედრი (5), 3:0 დემბელე (10), 4:0 პედრი (19), 5:0 ობამეიანგი (49), 6:0 დე იონგი (84)
ბარსელონა: ტერ შტეგენი (61. პენია), ბალდე (46. ჟორდი ალბა), ერიკ გარსია (46. პიკე), არაუხო (61. კუნდე), სერხი რობერტო (62. დესტი), სერხიო ბუსკეტსი (46. ნიკო გონსალესი), გავი (46. კესიე), პედრი (46. დე იონგი), დემბელე (46. ობამეიანგი), რაფინია (46. ფატი), ლევანდოვსკი (60. დეპაი).