„ბარსელონამ" 0:3 წააგო და ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდა
„ბარსელონამ" 0:3 წააგო და ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდა

უდიდესი სენსაციით დასრულდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “ბარსელონასა” და “რომას” ორრაუნდიანი დაპირისპირება. კატალონურ გრანდს პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე 4:1 ჰქონდა მოგებული და განმეორებითი მატჩი რომში ფორმალობად იყო მიჩნეული.

მიუხედავად ამისა, “რომამ” შეძლო სასწაულის მოხდენა და სასურველი ანგარიშით გამარჯვება.

უკვე მეექვსე წუთზე ედინ ჯეკომ შეძლო დანიელე დე როსის პასით ანგარიშის გახსნა. 58-ე წუთზე დე როსიმ პენალტით ორამდე გაზარდა ანგარიში. თამაშის დასრულებამდე რვა წუთით ადრე კი კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ, კოსტას მანოლასმა დასწრებაზე ყველას აჯობა და თავური დარტყმით ანგარიში 3:0 გახადა.

“რომამ” სტუმრად გატანილი გოლის წყალობით დაამარცხა “ბარსელონა” და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტი გახდა. იტალიურმა გუნდმა ორჯერ მეტი დარტყმა (16-8) შეასრულა და ზუსტი დარტყმებითაც დაჯაბნა მეტოქე (7-2).

რომაული კლუბი 34-წლიანი პაუზის შემდეგ, პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის (ჩემპიონთა თასის) ნახევარფინალში.

1983-84 წლების სეზონში “რომამ” ფინალამდეც გააღწია და იქ პენალტების სერიით დამარცხდა “ლივერპულთან”.