„ბარსელონა“ „რეალს“ 10 ქულით დასცილდა
„ბარსელონა“ „რეალს“ 10 ქულით დასცილდა

ესპანეთის ჩემპიონატში მე-12 ტური იმართება. შაბათის მატჩების შემდეგ, კიდევ უფრო გაიზარდა სხვაობა „ბარსელონასა“ და „რეალს“ შორის.

„ბარსას“ 28 წუთი დასჭირდა, რათა სტუმრად „ლეგანესის“ წინააღმდეგ ანგარიში გაეხსნა. მასპინძლების მეკარემ, კუელარმა, ​ალკასერის დარტყმის შემდეგ, ბურთი ვერ შეიმაგრა და სუარესმა დამატებაზე გაიტანა, რითაც საკუთარი 479-წუთიანი „მშრალი“ სერია დაასრულა.

შესვენების შემდეგ, კატალონიელებმა მშვიდად გაიტანეს კიდევ ორი გოლი და 3:0 მოიგეს. დუბლი შეასრულა სუარესმა, ერთი გოლი კი პაულინიომ შეაგდო. სხვათა შორის, ბრაზილიელს უკვე ოთხი გოლი დაუგროვდა – ეს იმდენია, რამდენიც „რეალის“ „დიდ ტრიოს“ (რონალდუ, ბეილი, ბენზემა) აქვს.

თავად „რეალი“ ტურის ცენტრალურ მატჩში „ატლეტიკოს“ სტუმრობდა. ამ მატჩში უფრო მეტი ბრძოლა იყო, ვიდრე ფეხბურთი და საბოლოოდ, პირველად 2005 წლის მაისის შემდეგ, მადრიდული დერბი პრიმერას რანგში უგოლოდ დასრულდა. კრიშტიანუ რონალდუს უკვე 55 დარტყმა დაუგროვდა, მაგრამ მხოლოდ ერთი გოლით იწონებს თავს.

„რეალის“ მორიგი წაფორხილება იმას ნიშნავს, რომ ლიდერ „ბარსელონასა“ და მადრიდულ გრანდს შორის სხვაობა 10 ქულამდე გაიზარდა.