ბარსელონა მატას გადაბირებას უფასოდ გეგმავს 
ბარსელონა მატას გადაბირებას უფასოდ გეგმავს 

ესპანური გრანდი ოლე გუნარ სოლსკიაერის ფხბურთელების მიმართ ინტერესს კვლავ იჩენს.

რამდენიმე თვის წინ ხოსეპ მარია ბართომეუს გუნდში ლუის სუარესის შემცვლელად იუნაიტედის ინგლისელი შემტევის, მარკუს რეშფორდის კანდიდატურას განიხილავდნენ, თუმცა ამ უკანასკნელმა ხმამაღლა განაცხადა, რომ ოლდ ტრაფორდზე ბედნიერია და კლუბისგან ახალი ხელშეკრულების გაფორმებაც მოითხოვა.

ამჯერად ვალვერდეს გუნდის სამიზნე ასევე წითელი ეშმაკების ესპანელი ნახევარმცველი ხუან მატა გახლავთ. მატას ზაფხულში გლეიზერების კლუბთან კონტრაქტი უმთავრდება, ახალ ხელშეკრულებაზე კი მოლაპარაკებები ამ დრომდე ჩიხშია შესული.

სავარაუდოდ, მატას შეთავაზებული ერთწლიანი კონტრაქტი არ მოსწონს და ნისლიანი ალბიონის დატოვება აქვს გადაწყვეტილი.

სიტუაციის სათავისოდ გამოყენებას გეგმავს ესპანური მხარე, რომელიც ხუანს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე ხელსაყრელ პირობებს შესთავაზებს და ფეხბურთელის ტრანსფერის უფასოდ გაჩარხვას შეცდება – იუწყება ინგლისური გამოცემა სანი (The Sun).

დატოვე კომენტარი