ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობის საქმეში ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე გადაწყვეტილებას მოსამართლე უახლოეს ხანში მიიღებს

14:08, 17.04.2018

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეში ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების გადაწყვეტილების გამოსატანად მოსამართლე არსენ კალატოზიშვილი სათათბიროდ გავიდა.

პროკურატურის  ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ვეფხია ბაქრაძის მიერ ჩადენილ დანაშაულს.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, როგორც პროკურორი იოსებ ხუციშვილი აცხადებენ, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულმა თეიმურაზ ბაქრაძემ იცოდა, რაც ჩაიდინა ვეფხია ბაქრაძემ და სამართალდამცავი ორგანოებისთვის არ მიუმართავს.

ამასთან, ბრალდების მხარის მტკიცებით, თეიმურაზ ბაქრაძე თავს დამნაშავედ ცნობს, მაგრამ მას შეუძლია, შეცვალოს ჩვენება. პროკურატურის თქმით, მან დაკავებამდე წაშალა მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რაც ადასტურებდა ვეფხია ბაქრაძის დანაშაულს.

ამასთან, ვეფხია ბაქრაძის ადვოკატის თქმით, ის შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა, არამედ დაიბნა. მან შუამდგომლობა დააყენა, რომ ბაქრაძის მიმართ გამოყენებული იყოს გირაო 20 000 ლარის ოდენობით.

თეიმურაზ ბაქრაძის ადვოკატმა ასევე დააყენა შუამდგომლობა მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიების 3000 ლარიანი გირაოთი შეცვლაზე.

მისივე თქმით, თეიმურაზ ბაქრაძემ თავიდანვე აღიარა დანაშაული და ითანამშრომლა სამართალდამცავ ორგანოებთან.

მკვლელობა თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 13 აპრილს მოხდა. ყოფილმა მამინაცვალმა ახალგაზრდა ქალს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე 14 აპრილს დააკავა. დაკავებულს 15 აპრილს ბრალი დაუმძიმდა.

მსგავსი