ახალგაზრდა ქალის მკვლელობისთვის დაკავებულ ვეფხია ბაქრაძეს ბრალი წარედგინა

20:50, 15.04.2018

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარედგინა.

როგორც თბილისის მთავარი სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს ვეფხია ბაქრაძის სახაზინო ადვოკატმა განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი წარედგინა სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის განზრახ მკვლელობას, ჩადენილს განსაკუთრებული სისასტიკით.

ადვოკატ ლევან მარსაგიშვილს საქმის სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.

ამასთან, როგორც ცნობილია, იზოლატორში პარალელურ რეჟიმში ბრალს უყენებენ მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ პირსაც.

პროკურატურა სასამართლოს სავარაუდოდ ხვალ მიმართავს და ბრალდების მხარე სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების სახით ბაქრაძისთვის პატიმრობას მოითხოვს.

ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი დღეს დაუმძიმდა. საქმის წარმოება სსკ-ის 108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა.

ვეფხია ბაქრაძეს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 16-დან 20-წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული გუშინ დააკავა.

ამასთან, დაკავებულია კიდევ ერთი პირი, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.

მკვლელობა თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 13 აპრილს მოხდა. ყოფილმა მამინაცვალმა ახალგაზრდა ქალს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე, თაკო გამრეკელაშვილი დედასთან ერთად პოლიციაში იმყოფებოდა, სადაც მამინაცვლის მხრიდან მუქარასა და ზეწოლაზე განცხადება შეიტანეს. ეჭვმიტანილის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერიც გამოიცა.

მკვლელობისთის დაკავებული პირი, შსს-ს ინფორმაციით, ადრე ნასამართლევია ოჯახური ძალადობის ბრალდებით და ის პრეზიდენტის შეწყალებით რამდენიმე თვის წინ გათავისუფლდა. აღნიშნულ საკითხზე პრეზიდენტი განცხადებას ხვალ გააკეთებს.

 

ავტორი: ზაალ ჩხეიძე

მსგავსი