ბარელზე ნავთობის ფასი 74 დოლარზე დაბლა დაეცა
ბარელზე ნავთობის ფასი 74 დოლარზე დაბლა დაეცა

ნავთობის ფასი დღეს ბარელზე 74 დოლარზე დაბლა დავარდა. ფასის შემცირების ხელშემწყობ ფაქტორებს შორის მთავარ მიზეზებად  ამერიკის შეერთებულ შტატებში ნავთობის მარაგების მოულოდნელი ზრდა და „ოპეკის“ ქვეყნების მიერ წარმოების მატება სახელდება.

გუშინ ამერიკის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში მოქმედი კომპანიების უმსხვილესმა ასოციაციამ, „ნავთობის ინსტიტუტმა“ განაცხადა, რომ ნავთობის მარაგები გასულ კვირაში 5.6 მილიონი ბარელით გაიზარდა.

ინფორმაცია ბაზრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ანალიტიკოსები 2.8 მილიონი ბარელით შემცირებას ელოდნენ. შესაბამისად, ბრენტის ტიპის ნავთობზე ფასი 85 ცენტით შემცირდა და დილის საათებში ბარელზე 73 დოლარი და 36 ცენტი შეადგინა, მოგვიანებით კი ფასი 73 დოლარსა და 15 ცენტამდე დავარდა.

ამერიკული ნედლი ნავთობის ფასი კი, 73 ცენტით შემცირდა და ბარელზე 68 დოლარი და 3 ცენტი შეადგინა.

აშშ-ის სამთავრობო მარაგების შესახებ ანაგრიში ოთხშაბათს, გვიან გახდება ცნობილი.

ანალიტიკოსების აზრით, ფასზე გავლენა ნავთობის მიწოდების რესურსების მატებამაც განაპირობა. ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნების კარტელმა, „ოპეკმა“ და მასთან ერთად რუსეთმა და კარტელის სხვა მოკავშირე ქვეყნებმა ივნისში 2017 წლიდან მოქმედი მოპოვების ლიმიტი შეარბილეს და ბაზარს ნავთობის მიწოდება გაუზარდეს.

შესაბამისად, ივლისში ნავთობის წარმოება 2018 წლის მაქსიმუმზე ავიდა. თუმცა წარმოება შეზღუდულად გაზარდა ირანმა, რომელიც შტატების მხრიდან ეკონომიკური სანქციების ამოქმედებას ელოდება.

ნავთობის ფასის ვარდნაზე შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო დაძაბულობამაც იმოქმედა, რადგან მსოფლიოს ორ უმსხვილეს ეკონომიკას შორის, სავაჭრო დაპირისპირების გამო გაჩნდა მოლოდინი, რომ ეკონომიკური ზრდა გლობალურ დონეზე შეფერხდება.