ბარბარა ვუდვორდი - უნდა მივიღოთ რეზოლუცია, რომელიც ომის დასრულებას მოითხოვს, პუტინის ქმედება არის შიშველი აგრესია
უნდა მივიღოთ რეზოლუცია, რომელიც ომის დასრულებას მოითხოვს, პუტინის ქმედება არის შიშველი აგრესია, – აცხადებს გაერო-ში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი ბარბარა ვუდვორდი. მან ამის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას ისაუბრა.
ბარბარა ვუდვორდის თქმით, გაერთიანებული ერების ხალხები მოწოდებული არიან, თაობები ომის უბედურებისგან გადაარჩინონ.
„გაერო-ს წესდება მშვიდობის საზეიმო მოწოდებით იწყება. ჩვენ, გაერთიანებული ერების ხალხები, მოწოდებული ვართ, თაობები ომის უბედურებისგან გადავარჩინოთ. ეს რწმენა 1945 წლიდან არის ამ პალატის მუშაობის ქვაკუთხედი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ფუნდამენტური მიზანი აქ არის ადამიანებისა და მათი მომავლის დაცვა; ხალხის დაცვა ძალადობისა და კონფლიქტისგან, რომელიც სიცოცხლეს ანადგურებს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ქალები და ბავშვები კიევში, ახალგაზრდა ოჯახები ოდესაში და მშვიდობიანი მოქალაქეები მთელ უკრაინაში თავს აფარებენ რუსეთის სამხედრო აგრესიისგან. ჯერ რუსეთი ამტკიცებდა, რომ ეს ყველაფერი დასავლური ისტერია იყო, მერე ილაპარაკეს დონეცკსა და ლუგანსკზე, ახლა კი, კიევს ბომბავს. ჩვენ ვნახეთ უკრაინის დედაქალაქში რუსული ტანკების საშინელი სურათები, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას ანადგურებენ. 44 მილიონიან ქვეყანას ყველა ფრონტიდან თავს ესხმიან.
კოლეგებო, რეზოლუციას, რომელსაც დღეს კენჭს ვუყრით, არის გზავნილი იმ ხალხისთვის, რომ მსოფლიო თქვენ მხარესაა და დგას უკრაინელი ხალხის გვერდით. ეს არის გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ წესები, რომლებიც ჩვენ ერთად ავაშენეთ, უნდა დავიცვათ, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ ვიცით, ვინ იქნება შემდეგი. ეს არის გზავნილი რუსეთისთვისაც, რუსეთის მამაცი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ომს აპროტესტებენ და არ სურთ. ეს რეზოლუცია ომის დასრულებას მოითხოვს. პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინაში მასობრივი შეჭრა დაიწყო. მისი მიზანი იყო ხელისუფლების ჩამოგდება და ხალხის დამორჩილება. ეს არ არის 51-ე მუხლით თავდაცვა, ეს არის შიშველი აგრესია“, – განაცხადა ბარბარა ვუდვორდმა.