ბარათაშვილის აღმართის სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო ეტაპის გამო, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
ბარათაშვილის აღმართის სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო ეტაპის გამო, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 28 სექტემბრის 21:00 საათიდან 30 სექტემბრის 09:00 საათამდე, ბარათაშვილის აღმართზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში, სარეაბილიტაციო არეალში, ასფალტის საფარის ზედა ფენის დაგება დასრულდება და სავალი ნაწილი 30 სექტემბრისთვის გაიხსნება, დარჩენილი სამუშაოები მხოლოდ ტროტუარზე იწარმოებს, რაც ხელს არ შეუშლის ავტომანქანების გადაადგილებას.

ბარათაშვილის აღმართის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის 24 ივლისიდან დაიწყო. პროექტი სანიაღვრე ქსელის აღდგენას, სადრენაჟო სისტემის, ბაზალტის ბორდიურისა და ტროტუარის მოწყობას, ასევე, ახალი მოაჯირებისა და დეკორატიული სანათების მონტაჟს ითვალისწინებს. სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის საფარი ჯამში 15 000 კვადრატულ მეტრზე დაიგება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ბლექ სი გრუპი“ ასრულებს და მის განსახორციელებლად, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 233 233 ლარი დაიხარჯება.