ბარაკ ობამა საარჩევნო რეფორმების ინიციატივით გამოდის
ბარაკ ობამა საარჩევნო რეფორმების ინიციატივით გამოდის

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ რესპუბლიკელები ამომრჩეველთა ხმების ჩახშობის მცდელობის გამო გააკრიტიკა, – ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

შესაბამისი განცხადება ობამამ სამოქალაქო უფლებების აქტივისტ ჯონ ლუისის დაკრძალვაზე გააკეთა.

მისი თქმით, ძალაუფლების მქონე ადამიანები „მოქალაქეთა საარჩევნო უფლებებს ქირურგიული სიზუსტით ესხმიან თავს“.

ობამას განცხადებით, მთავრობა ცდილობს, ყველა ხერხით უარი ათქმევინოს ადამიანებს არჩევნებში მონაწილეობაზე. მათ შორის მან დაასახელა საარჩევნო უბნების დახურვა და „შემზღუდავი კანონების“ დაწესება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისა და სტუდენტებისთვის.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი რამდენიმე საარჩევნო რეფორმის ინიციატივითაც გამოვიდა, მათ შორის არის ამერიკელების ამომრჩევლებად ავტომატური დარეგისტრირება, ახალი საარჩევნო უბნების გახსნა, ხმის წინასწარ მიცემის პროცედურის გაფართოება და კენჭისყრის დღის დასვენების დღედ გამოცხადება.

ობამამ ასევე ისაუბრა პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების დროს გარდაცვლილ ჯორჯ ფლოიდზე და ფედერალური აგენტების მხრიდან დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება დაგმო.

„დღეს ჩვენ ვხედავთ პოლიციის ოფიცრებს, რომლებიც მუხლით აწვებიან კისერზე შავკანიან ამერიკელებს. ჩვენ ვხედავთ ფედერალურ მთავრობას, რომელიც აგენტებს აგზავნის, რათა ცრემლმდენი აირი და ხელკეტები გამოიყენონ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ“, – განაცხადა ბარაკ ობამამ.