ბარაკ ობამა ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს
ბარაკ ობამა ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს. ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა აშშ-ის ქალაქების მერებს მოუწოდა, გადახედონ საკუთარ ქალაქებში ძალის გამოყენების პოლიტიკას. ობამამ მერებს რეფორმების გატარებისკენ უბიძგა.

ობამამ ამერიკის ფერადკანიან მოსახლეობას, კერძოდ კი ახალგაზრდებს მიმართა.

„მინდა, ამ ქვეყნის ახალგაზრდა ფერადკანიანებს მივმართო, რომლებიც ამდენ ძალადობას შეესწრნენ, ეს ძალადობა კი ხშირად სწორედ იმ ადამიანებისგან მოდიოდა, ვისაც ისინი უნდა დაეცვა. მინდა, თქვენ იცოდეთ, რომ მნიშვნელოვანები ხართ, თქვენი ცხოვრება ღირებულია, თქვენი ოცნებებიც ღირებულია. როდესაც შინ მივდივარ და ჩემს ქალიშვილებს ვუყურებ – საშას და მალიას, ჩემს დისშვილებსა და ძმისშვილებს, ვხედავ მათ უსაზღვრო შესაძლებლობებს“, – განაცხადა ბარაკ ობამამ.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის ფერადკანიან მოსახლეობას აქვს უფლება, იცხოვროს და დაუშვას შეცდომები, იცხოვროს ბედნიერი ცხოვრებით ისე, რომ არ უწევდეს ნერვიულობა იმაზე, რა შეიძლება დაემართოს, თუ წავლენ მაღაზიაში ან სარბენად, თუნდაც პარკში ჩიტების სანახავად.

ობამამ შეაქო ყველა ის ახალგაზრდა, რომელიც პროტესტის მშვიდობიან მეთოდებს იცავს და ქუჩებში უსამართლობას აპროტესტებს. ობამამ ასევე აღნიშნა, რომ ბოლო რამდენიმე კვირაში განვითარებული მოვლენების მიუხედავად, იმედი მაინც არსებობს.

„ეს რთული პერიოდი გვაძლევს საშუალებას, ვიმუშაოთ ერთად, რათა ამ პრობლემებს გავუმკლავდეთ და შევცვალოთ. ასევე შევცვალოთ ამერიკა მისი უმაღლესი იდეალების მიხედვით“, – განაცხადა ობამამ.

დატოვე კომენტარი