„ბაქსმა“ ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და ფინალურ სერიაში პირველად დაწინაურდა [ვიდეო] #1TVSPORT
„ბაქსმა“ ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და ფინალურ სერიაში პირველად დაწინაურდა [ვიდეო] #1TVSPORT

18 ივლისს NBA-ის სუპერფინალის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა, რომელიც ძალიან სანახაობრივი და დრამატული აღმოჩნდა. „ფინიქსმა“ „მილუოკის“ სერიის მეხუთე შეხვედრაში უმასპინძლა და ზედიზედ მესამეჯერ დამარცხდა.

პირველი მეოთხედი „სანსმა“ დამაჯერებლად დაიწყო და 16 ქულით მოიგო. მიუხედავად ამისა, „ბაქსმა“ მალევე მოახერხა თამაშის შემოტრიალება და დიდ შესვენებამდე 3 ქულით წინ გავიდა. მატჩის მესამე პერიოდიც „მილუოკის“ სასარგებლოდ დასრულდა, მეოთხე მეოთხედში კი მონტი უილიამსის გუნდმა თამაშში ინტრიგა დააბრუნა. ამ თამაშის ყველაზე გამორჩეული მომენტი დამთავრებამდე 20 წამით ადრე დაფიქსირდა. მაშინ როცა ანგარიში 119:120 იყო, „ფინიქსს“ მხოლოდ ერთი შედეგიანი შეტევა სჭირდებოდა წინ გასასვლელად, ბურთი დევინ ბუკერს ჰქონდა, ჯრუ ჰოლიდეიმ კი მისი წართმევა მოახერხა, შეტევა წამოიწყო და სამწამიანში იანისს დაუკიდა, რომელმაც კრის პოლს ეფექტურად გადაატენა და ჯარიმაც მოიპოვა.

საბოლოო ჯამში, შეხვედრა 123:119 დასრულდა. „ბაქსი“ გახდა პირველი გუნდი 2006 წლის შემდეგ, რომელმაც 0:2-დან სერიაში წინ გასვლა მოახერხა. 15 წლის წინ ეს „მაიამი ჰიტმა“ შეძლო.

ყველაზე შედეგიანი დევინ ბუკერი იყო, რომელიც ფენომენალურ პლეი-ოფს ატარებს. მის ანგარიშზე 40 ქულაა. იანისმა 32 ქულა დააგროვა და 1 მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე. მიდლტონმა 29 ქულის მოგროვება მოახერხა, ნამდვილად გამორჩეული კი ჯრუ ჰოლიდეი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი 27 ქულითა და 13 პასით გაიფორმა. ორმაგი დუბლი ჰქონდათ კრის პოლსა (21 ქულა, 11 პასი) და დეანდრე ეიტონსაც (20 ქულა 10 მოხსნა).

გუნდებს შორის შემდეგი მატჩი 21 ივლისს მილუოკიში გაიმართება.