ბაქოში სასკოლო ფორმის ტარებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, 37 ადამიანი დააკავეს
ბაქოში სასკოლო ერთიანი ფორმის შემოღების ფონზე საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევის ბრალდებით 37 ადამიანი დააკავეს.
როგორც მედია აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, ადამიანთა ჯგუფი ხელს უშლიდა მინისტრთა კაბინეტის მიერ დამტკიცებული წესების შესრულებას, რომლებიც სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სავალდებულო სასკოლო ფორმის ტარებას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, აღნიშნული პირები განათლების სფეროს წარმომადგენლებთან კონფლიქტურ ვითარებას ქმნიდნენ, სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებს ზიანს აყენებდნენ, ასევე ცდილობდნენ ისეთი ქმედებების განხორციელებას, რომლებიც ხელს შეუშლიდა სატრანსპორტო მოძრაობასა და სკოლების ნორმალურ ფუნქციონირებას.
მომხდარ ფაქტზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 233-ე მუხლით აღიძრა საქმე, რომელიც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამომწვევი ქმედებების ორგანიზებას ან ასეთ ქმედებებში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, დაკავებულია 37 ადამიანი.
აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ მიღებული ზომების მიზანია კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის, სატრანსპორტო მოძრაობისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მუშაობისთვის ხელის შეშლის პრევენცია, ასევე მოსწავლეების, პედაგოგებისა და სხვა მოქალაქეთა დაცვა.
„აღვნიშნავთ, რომ მოქალაქეები ვალდებული არიან, დაიცვან კანონმდებლობის მოთხოვნები, არ დაარღვიონ საზოგადოებრივი წესრიგი, არ შელახონ სხვა პირთა უფლებები და ინტერესები, შეასრულონ პოლიციის თანამშრომელთა კანონიერი მოთხოვნები. საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის, ასევე სასწავლო დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით ღონისძიებები გრძელდება. სამართალდარღვევის ყველა ფაქტს მომავალშიც მკაცრი რეაგირება მოჰყვება, ხოლო დამნაშავე პირები კანონით დადგენილი წესით პასუხისგებაში მიეცემიან“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.