ბაქოს საქალაქო სასამართლომ აფგან მუხთარლის  საპატიმრო ღონისძიების შინაპატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
ბაქოს საქალაქო სასამართლომ აფგან მუხთარლის  საპატიმრო ღონისძიების შინაპატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

ბაქოში, ნასიმინის რაიონულმა სასამართლომ ოპოზიციონერი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ადვოკატების შუამდგომლობა – საპატიმრო ღონისძიების შინაპატიმრობით შეცვლის შესახებ არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

სასამართლო პროცესი ბაქოში გუშინ გაიმართა.

„გამოძიების დაწყებიდან უკვე მეოთხედ მივმართეთ სასამართლოს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შინაპატიმრობით შეცვლილიყო. სასამართლომ ამჯერადაც უარი განაცხადა ჩვენი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. ის ეყრდნობა პროკურატურის არგუმენტებს, რომ თითქოს აფგან მუხთარლიმ შინაპატიმრობის დროს შესაძლოა, გამოძიების მსვლელობაზე გავლენა იქონიოს. მაგრამ როგორ შეძლებს ამას, გამოძიება ვერ ასაბუთებს“, – განმარტავს ადვოკატი ელჩინ სადიგოვი.

მუხთარლის ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ წინასწარი გამოძიება უკვე დასრულებულია და პროკურატურის არგუმენტი ლოგიკურ საფუძველსაც მოკლებულია.

შეგახსენებთ, აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს მან ადვოკატს განუცხადა, რომ ის, ძალის გამოყენებით, აზერბაიჯანში გადაიყვანეს. 31 მაისს ბაქოს სასამართლომ მისი დაკავების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მუხთარლი წაყენებულ ბრალს – საზღვრის უკანონო კვეთის, კონტრაბანდისა და მესაზღვრეებისთვის წინააღმდეგობის გაწევის შესახებ, არ აღიარებს.