ბაქო-ბათუმის მიმართულებით ფრენის სიხშირე იზრდება
ბაქო-ბათუმის მიმართულებით ფრენის სიხშირე იზრდება

აზერბაიჯანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ბუთა ეარვეისი“ (Buta Airways) ბაქო-ბათუმი-ბაქოს საჰაერო ხაზზე ერთ სიხშირეს ამატებს და მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, 17 ივლისიდან 18 სექტემბრამდე რეგულარული რეისებს კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს.

ფრენები Embraer E190, Airbus A319 და A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

ავიაკომპანიამ ბაქოსა და ბათუმს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულება მიმდინარე წელს დაიწყო.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ „ბუთა ეარვეისს“  გაზრდილი სიხშირით საჰაერო მიმოსვლის შესრულების ნებართვა 2019 წლის 11 ივლისს მიენიჭა.

მიმდინარე სეზონზე, ბათუმის მიმართულებით ჩარტერული რეისები დაინიშნა ასევე ყაზახეთიდან. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 4 ივლისის ნებართვის შესაბამისად, ყაზახური ავიაკომპანია B. & K. Aero ატირაუ-ბათუმი-ატირაუს საჰაერო ხაზზე ჩარტერულ ფრენებს 6 ივლისიდან ასრულებს. ფრენები 17 აგვისტოს ჩათვლით, ყოველ შაბათს, (6, 13, 20, 27 ივლისი, 3, 10, 17 აგვისტო) Boeing B737-300 ტიპის საჰაერო ხომალდით ხორციელდება. ფრენები საქართველოს მიმართულებით ტურისტული ნაკადების ტრანსპორტირებაზეა ორიენტირებული.