ბაქარ ბერეკაშვილი - ყალბი ამბები იქ არის პოპულარული, სადაც მეცნიერება არ არის განვითარებული
ბაქარ ბერეკაშვილი - ყალბი ამბები იქ არის პოპულარული, სადაც მეცნიერება არ არის განვითარებული

ყალბი ამბები, კონსპირაციის თეორიები და ასეთი ფენომენები იქ არის პოპულარული, სადაც მეცნიერება არ არის განვითარებული და მეცნიერებს არ აქვთ პასუხი, – განაცხადა პოლიტოლოგმა, საქართველოს პირველი არხის ანალიტიკოსმა, ბაქარ ბერეკაშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.

„შეიძლება, მეცნიერებს აქვთ პასუხი, მაგრამ სამეცნიერო დისკურსი არ არის წარმოდგენილი. ქვეყანაში უნდა იყოს მეცნიერული ახსნა“, – განაცხადა ბერეკაშვილმა.

მისი თქმით, პოლიტიკური კლასი ქართულ საზოგადოებას სიცრუეში აცხოვრებს, თითქოს, ტრანფორმაციის ნეოლიბერალური მოდელი საუკეთესოა და ეს ბევრ ქვეყანაშია გამოცდილი, რაც სიცრუეა.

„სინამდვილეში, ეს არის ტყუილი და უპირისპირდება მეცნიერულ ცოდნას. ნეოლიბერალური მოდელი არის მოდელი, რომელიც პრაქტიკაში ვერ მუშაობს, მაგრამ ქართული პოლიტიკური კლასი ამას აკეთებს და ავრცელებს ყალბ ინფორმაციას. ავრცელებს არა მარკეტინგული ან ასეთი ხრიკების გამო, არამედ იმიტომ აკეთებს, რომ იდეოლოგიური დღის წესრიგი აქვს“, – განაცხადა ბერეკაშვილმა.

როგორც ანალიტიკოსმა აღნიშნა, არსებული დეზინფორმაციული გარემო თანამედროვე სამყაროში სახელმწიფოს იდეას უტევს.

„ხშირად ხდება სახელმწიფოს ირონიზება. ეს არის სუფთა ლიბერალური დოქტრინა, რომ სახელმწიფო პოლიტიკაში უნდა იყოს სუსტი, რომ არ უნდა ერეოდეს ეკონომიკურ ცხოვრებაში და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში, ამან შეიძლება, სახელმწიფო სოციალურ არასტაბილურობამდე მიიყვანოს. იმიტომ, რომ თვითონ სახელმწიფო არის სტაბილურობის და ასე ვთქვათ, წესრიგის გარანტი“, – განაცხადა ბაქარ ბერეკაშვილმა.