„ბანკირის დღიურები“ - დოკუმენტური ფილმის პრემიერა პირველი არხის კინოდარბაზ „ილუზიონში“ [ფოტო/ვიდეო]

„ბანკირის დღიურები“ – ასე ჰქვია დოკუმენტურ ფილმს, რომლის პრეზენტაცია დღეს პირველი არხის კინოდარბაზილუზიონში“ გაიმართა.

ფილმის რეჟისორი – ლევან ახობაძე, სცენარის ავტორი კი მიხეილ ბასილაძეა, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდიის სტუდიაში მუშაობენ. ნამუშევარი საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის შესახებ გვიყვება, გამოყენებულია მის მიერ დაწერილი დღიურები. ფილმში ნაჩვენებია, როგორ ყალიბდებოდა დამოუკიდებელი საქართველოს საბანკო სისტემა, როგორ შემოიღეს პირველი ქართული ფულის ნიშანი – ბონი და როგორი მმართველი იყო თავად იასონ ლორთქიფანიძე.

ფილმში მაყურებელი გაეცნობა იასონის შვილის, იუნკერ ნიკო ლორთქიფანიძის ისტორიასაც. დოკუმენტური ნამუშევარი საქართველოს ეროვნული ვალუტის – ლარის 30 წლის იუბილეს ეძღვნება.

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, სიმბოლურია ისეთი დოკუმენტური ფილმის შექმნა, რომელიც ეძღვნება ორ მნიშვნელოვან თარიღს, ეროვნული ვალუტის 30-ე წლისთავს და პირველი მაუწყებლობის დაწყების 100 წლის იუბილეს.

„ეროვნული ვალუტის, ლარის დაბადების 30 წლისთავი ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია. ასევე, წელს სრულდება პირველი მაუწყებლობის დაბადებიდან 100 წლის იუბილე. ეს თარიღები ჩვენს ქვეყანას და თითოეულ მოქალაქეს ეკუთვნის. ამიტომ ძალიან სიმბოლურია, რომ შეიქმნა დოკუმენტური ფილმი, რომელიც ამ ორ მნიშვნელოვან თარიღს ეძღვნება და საუკეთესოდ ასახავს ჩვენი ქვეყნის ისტორიას, კულტურას და მემკვიდრეობას. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა ბანკმა საზოგადოებრივ მაუწყებელს მოუმზადა სიურპრიზი – გამოშვებული იქნება მონეტა სპეციალურად საზოგადოებრივი მაუწყებლის სიმბოლიკით. დარწმუნებული ვარ, მაყურებელი საუკეთესოდ შეაფასებს ამ ფილმს“, – აღნიშნა თინათინ ბერძენიშვილმა.

როგორც პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, იასონ ლორთქიფანიძის შესახებ ფილმით პირველი არხის დოკუმენტური ფილმების სტუდია აგრძელებს ეროვნული მეხსიერების შექმნას, რაც ქვეყანას წაადგება.

„დღეს შედგა პრემიერა დოკუმენტური ფილმისა იასონ ლორთქიფანიძეზე. ეს არის ქართული ეროვნული ბანკის პირველი მმართველი და პირველი ხელმძღვანელი. ამ ფილმით პირველი არხის დოკუმენტური ფილმების სტუდია აგრძელებს ეროვნული მეხსიერების შექმნას. პროდუქცია, რაც ამ სტუდიაში იქმნება, არ არის კომერციული პროექტი, თუმცა რაც დრო გადის, მით უფრო ემატება ფასი და მნიშვნელობა. ეს პროდუქცია ეხება იმ ძალიან მნიშვნელოვანს, რაც არის დაკავშირებული ეროვნულ იდენტობასთან. აღსანიშნავია, რომ ორი თარიღი, ლარის 30 წლისთავი და საზოგადოებრივი მაუწყებლის 100 წლის იუბილე ემთხვევა ერთმანეთს. დარწმუნებული ვარ, ასეთი ინტელექტუალური, კულტურული პროექტები გაგრძელდება, მრავლად იქნება და წაადგება ჩვენს ქვეყანას“, – აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.

ამასთან, საქართველოს პირველი არხის მედიის დირექტორის, რუსუდან მანჯგალაძის თქმით, იასონ ლორთქიფანიძის შესახებ შეიქმნა პორტრეტული ფილმი, საიდანაც მაყურებელი ამ ადამიანის შესახებ ბევრ საინტერესოს შეიტყობს.

„დაახლოებით ერთი წლის წინ, როდესაც ეროვნულმა ბანკმა დაიწყო სამზადისი ეროვნული ვალუტის, ლარის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ვფიქრობდით, რა შეიძლებოდა, გაგვეკეთებინა. სწორედ მაშინ გაჩნდა იდეა, რომ შექმნილიყო დოკუმენტური ფილმი იასონ ლორთქიფანიძეზე. ჩვენ ბევრი არაფერი ვიცით იმ ადამიანის შესახებ, რომელიც გახლდათ სწორედ ეროვნული ბანკის პირველი მმართველი, რომლის დროსაც დამკვიდრდა პირველი ეროვნული ვალუტა და რომელსაც უკავშირდება ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავის მოძიების და შემდეგ მისი ჩამოსვენების ორგანიზება. მას უდიდესი წვლილი აქვს ქართული უნივერსიტეტის დაფუძნებაშიც. გადავწყვიტეთ, რომ სწორედ ასეთი პორტრეტული ფილმი შეგვექმნა მასზე. ვფიქრობ, ჩვენს მაყურებელს ფილმი მოეწონება და ბევრ ახალ საინტერესოს შეიტყობს“, – განაცხადა რუსუდან მანჯგალაძემ.

ფილმის ავტორის, მიხეილ ბასილაძის განცხადებით, ფილმი მთლიანად არის აგებული იასონ ლორთქიფანიძის დღიურებზე, რომლებიც საკმაოდ მოცულობითია.

„დღიურში შეგვიძლია, ამოვიკითხოთ იმ პერიოდის საქართველოს ყოფა, მაგრამ ძირითადი ნაწილი ეძღვნება, თუ როგორ ეწყობოდა საქართველოში საბანკო სისტემა, როგორ დაფუძნდა პირველი სახელმწიფო ბანკი დამოუკიდებლობის პერიოდში, როგორ ჩაეშვა მიმოქცევაში პირველი საგადასახადო ნიშანი – ქართული ბონი და იასონ ლორთქიფანიძეს რა როლი მიუძღოდა ყოველივე ამაში“, – აღნიშნა ბასილაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველ არხს ფილმისთვის მადლობა გადაუხადა.

„ძალიან დიდი მადლობა საზოგადოებრივ მაუწყებელს, მის ხელმძღვანელობასა და შემოქმედებით გუნდს, რომლებმაც ჩვენი თხოვნა გაითვალისწინეს და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოს პირველი ცენტრალური ბანკის – სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელის უკვდავყოფაში. შესანიშნავი დოკუმენტური ფილმი გამოვიდა, რომელიც საინტერესოა არა მხოლოდ ჩვენთვის, საფინანსო სექტორში მომუშავე ადამიანებისთვის ან ეროვნული ბანკის თანამშრომლებისთვის, არამედ მთლიანად საზოგადოებისთვისაც. ლორთქიფანიძის სახელისა და ღვაწლის შესახებ ფართო საზოგადოებას აქამდე ნაკლებად ჰქონდა ინფორმაცია. ვფიქრობ, ბევრისთვის აღმოჩენა იქნება, როგორი მრავალმხრივი მოღვაწეობით გამოირჩეოდა იგი, იქნებოდა ეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში მონაწილეობა, „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ხელმძღვანელობა და კიდევ მრავალი მნიშვნელოვანი საქმე. მიმდინარე წელი არის ჩვენი ეროვნული ვალუტის, ლარის 30 წლის იუბილე და ამ იუბილეს ვუძღვნით არაერთ ღონისძიებას. ერთ-ერთი გამორჩეული სწორედ ამ დოკუმენტური ფილმის შექმნა და პრემიერაა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კინოსურათის სატელევიზიო პრემიერა პირველი არხის ეთერში შაბათს, 20 სექტემბერს, 19:30 საათზე გაიმართება.