ბანკებს, მიკროსაფინანსოებსა და სავალუტო ჯიხურებს რეკომენდაცია ეძლევათ, მაქსიმალურად შეზღუდონ პერსონალისა და კლიენტების პირდაპირი ფიზიკური კონტაქტი
ბანკებს, მიკროსაფინანსოებსა და სავალუტო ჯიხურებს რეკომენდაცია ეძლევათ, მაქსიმალურად შეზღუდონ პერსონალისა და კლიენტების პირდაპირი ფიზიკური კონტაქტი

საქართველოს ეროვნული ბანკი ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საფინანსო სექტორსა და მოსახლეობას გარკვეულ რეკომენდაციებს აძლევს.

რეკომენდაციების შესახებ ეროვნული ბანკის განცხადებაში არის საუბარი.

კერძოდ კი, ბანკებს, სესხის გამცემ სუბიექტებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და სავალუტო ჯიხურებს ეძლევათ რეკომენდაცია, მაქსიმალურად შეზღუდონ სერვისცენტრებში მომსახურე პერსონალისა და კლიენტების შორის პირდაპირი ფიზიკური კონტაქტი.

„ასევე, მათ უნდა უზრუნველყონ მომსახურება განხორციელდეს რიგების გარეშე, სადაც ეს შესაძლებელია, ან უზრუნველყონ რიგში მომხმარებელთა შორის რეკომენდებული დისტანციის დაცვა“, – აცხადებს ეროვნული ბანკი.

უწყება მოუწოდებს მოსახლეობას, იმისთვის, რომ ქვეყანამ ეფექტიანად შეძლოს ვირუსთან ბრძოლა, მაქსიმალურად გამოიყენონ ინტერნეტ გადახდის სერვისები და მოერიდონ აუცილებლობის გარეშე სახლიდან გასვლას.

ამასთან, ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ შეზღუდვის პირობებში, საფინანსო სექტორი განაგრძობს სერვისების სრული სპექტრის მიწოდებას. მათ შორის, ნაღდი ფულის უწყვეტ მიწოდებას, ანგარიშსწორებას, სასესხო და სადეპოზიტო მომსახურებას. შეუფერხებლად იმუშავებენ გადახდის აპარატები და ბანკომატები. ეს სერვისები არ შეიზღუდება არც იმ შემთხვევაში, თუ  ქვეყანაში აუცილებელი გახდება  საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება.

დატოვე კომენტარი