ბანგლადეშში 19 წლის გოგონა სექსუალური ძალადობის ფაქტის პოლიციისთვის შეტყობინების გამო ცოცხლად დაწვეს
ბანგლადეშში 19 წლის გოგონა სექსუალური ძალადობის ფაქტის პოლიციისთვის შეტყობინების გამო ცოცხლად დაწვეს

ბანგლადეშში 19 წლის გოგონა სექსუალური ძალადობის ფაქტის პოლიციისთვის შეტყობინების გამო ცოცხლად დაწვეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ნუსრათ ჯაჰან რაფის საკუთარი სკოლის ტერიტორიაზე საწვავი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს.

მედიის ცნობით, 19 წლის მოსწავლემ საკუთარი სკოლის დირექტორის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. ნუსრათ ჯაჰან რაფი პოლიციაში ოჯახთან ერთად წავიდა. პოლიციის განყოფილებაში, სადაც მისთვის უსაფრთხო გარემო უნდა შეექმნათ, პოლიციელი 19 წლის ნუსრათის მონაყოლს მობილური ტელეფონის მეშვეობით იღებდა. ჩანაწერში, რომელიც მოგვიანებით გავრცელდა, ჩანს, თუ როგორ იფარავს ნუსრათი სახეს ხელებით. ვიდეოში ასევე ჩანს, როგორ უხსნის პოლიციის ოფიცერი ნუსრათს, რომ მომხდარი „უმნიშვნელოა“ და განმეორებით სთხოვს მსხვერპლს, ხელები მოიშოროს სახიდან.

27 მარტს, მას შემდეგ, რაც ნუსრათი პოლიციაში მივიდა, სკოლის დირექტორი დააკავეს. თუმცა ამას საზოგადოების ნაწილის მხრიდან დადებითი რეაქცია არ მოჰყოლია. სკოლის მოსწავლე ორი ბიჭის ორგანიზებით, ქუჩებში აქციები გაიმართა, სადაც მოძალადე დირექტორის გათავისუფლებას ითხოვდნენ და ბრალს თავად ნუსრათს სდებდნენ. ნუსრათის ოჯახის განცხადებით, ისინი ამ დროს უკვე ღელავდნენ თავიანთი შვილის უსაფრთხოებაზე, თუმცა მომხდარიდან 11 დღის შემდეგ ნუსრათი მაინც წავიდა სკოლაში ფინალური გამოცდის დასაწერად.

„მე ვეცადე, ჩემი და წამეყვანა სკოლაში და ტერიტორიაზე შევყოლოდი, თუმცა არ დამიშვეს. სკოლაში შესვლის უფლება რომ მოეცათ, ჩემს დას ასეთი რამ არ დაემართებოდა“, – ამბობს ნუსრათის ძმა.

ნუსრათი ერთ-ერთმა გოგონამ სკოლის სახურავზე მოტყუებით აიყვანა, თითქოს მის მეგობარს სცემდნენ და დახმარება სჭირდებოდა. როცა ნუსრათი სახურავზე ავიდა, მას იქ ოთხი ბურკიანი პირი დახვდა, რომლებმაც მას დირექტორის წინააღმდეგ საჩივრის გამოტანა მოსთხოვეს. ნუსრათმა ამაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც მას ცეცხლი წაუკიდეს.

„ბიბისის“ ინფორმაციით, დამნაშავეებს სურდათ, მომხდარი თვითმკვლელობად გაესაღებინათ, თუმცა გარდაცვალებამდე, სასწრაფო დახმარების მანქანაში ყოფნისას ნუსრათმა ძმის მობილური ტელეფონით განცხადების ჩაწერა მოახერხა:

„მასწავლებელი მე შემეხო, ამ დანაშაულს ბოლო ამოსუნთქვამდე შევებრძოლები“, – თქვა ნუსრათმა და განცხადებაში თავდამსმელების იდენტიფიცირებაც შეძლო.

მიღებული დამწვრობის შედეგად ნუსრათ ჯაჰან რაფი 10 აპრილს გარდაიცვალა.

მომხდარმა მთელი ბანგლადეში შეძრა. ჯერჯერობით 15 ადამიანია დაკავებული. მათ შორის მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავები, აქციის ორგანიზატორი ორი ბიჭი და სკოლის დირექტორი. პოლიციის მუშაკი, რომელიც ნუსრათის სექსუალური შევიწროების აღწერის პროცესს იღებდა, ​სხვა დეპარტამენტში გადაიყვანეს.

ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრი შეიხ ჰასინა ნუსრათის ოჯახს შეხვდა და პირობა მისცა, რომ კანონს ვერც ერთი დამნაშავე ვერ გაექცევა.

მომხდართან დაკავშირებით გაიმართა აქციებიც. როგორც „ბიბისი“ წერს, ადგილობრივი საზოგადოება ლაპარაკობს იმაზე, რომ გოგონებს სწორედ ასეთი შემთხვევების გამო ეშინიათ სექსუალურ შევიწროებაზე ხმამაღლა საუბარი. ბანგლადეშის ქალთა უფლებების ჯგუფის, „მაჰირა პარიშდ ბანგლადეშის“ თანახმად, 2018 წელს ბანგლადეშში გაუპატიურების 940 შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა რეალური რიცხვი სავარაუდოდ ბევრად მაღალია.

„როდესაც ქალი ცდილობს სამართლიანობის მიღწევას სექსუალური შევიწროების გამოვლის შემდეგ, მას კიდევ უამრავ შევიწროებასთან გამკლავება უწევს პროცესში. საზოგადოება მათ განსჯის, პოლიციელები არ არიან მზად, სათანადოდ გამოიძიონ შემთხვევები. შედეგად, გოგონები ნებდენიან. დამნაშავეები არ ისჯებიან და აგრძელებენ იმავე დანაშაულის ჩადენას“, – აცხადებენ ქალთა უფლებების ჯგუფში.