ბანგკოკი-თბილისის მიმართულებით პირველი ჩარტერული რეისი შესრულდა
ბანგკოკი-თბილისის მიმართულებით პირველი ჩარტერული რეისი შესრულდა

ავიაკომპანიამ Thai Air Asia X ბანგკოკი-თბილისის მიმართულებით პირველი ჩარტერული რეისი შეასრულა. საქართველოში ჩამოსულ 330 ტურისტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საავიაციო ხელისუფლებისა და „ტავ ჯორჯიას“ წარმომადგენლები დახვდნენ.

2 იანვრის ჩათვლით, Air Asia აღნიშნული მიმართულებით ხუთ ჩარტერულ რეისს, Airbus 330 ტიპის საჰაერო ხომალდებით განახორციელებს. ავიაკომპანია დამატებით ჩარტერულ ფრენებს 2020 წლის აპრილში შეასრულებს.

Thai Air Asia X საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. დღეისათვის ავიაკომპანია პირდაპირ ფრენებს 66 საერთაშორისო და 29 ადგილობრივი მიმართულებით ახორციელებს.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ნოემბერში ვიზიტორთა რაოდენობა ტაილანდიდან 1231 პროცენტით გაიზარდა. თუ 2018 წლის ნოემბერში საქართველოს აზიური ქვეყნიდან 145 მოქალაქე ესტუმრა, მიმდინარე წლის ნოემბერში ეს მაჩვენებელი 1930-მდე გაიზარდა.

იანვარ-ნოემბერში ტაილანდიდან საქართველოს 10 011 მოქალაქე ესტუმრა, რაც გასული წლის 11 თვის მაჩვენებელს 234.7 პროცენტით აღემატება.