Ballon d’Or-ი ხვიჩა კვარაცხელიაზე – პარიზში გადასული „ნეაპოლის პრინცი“ მზადაა, მეფის ტახტი დაიკავოს #1TVSPORT
Ballon d’Or-ის ოფიციალური ვებგვერდი „ოქროს ბურთის“ ნომინანტებზე წერილს აქვეყნებს. ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს:
„ქართველი ფეხბურთელი ნომინანტებში „პარი სენ-ჟერმენში“ ჩატარებული შესანიშნავი სეზონის შედეგად მოხვდა. ეს ხვიჩა კვარაცხელიას კარიერაში მესამედ ხდება. წარმოგიდგენთ 2025/26 წლების სეზონში მის განვლილ გზას.
2026 წლის აპრილში მიუნხენის „ბაიერნთან“ გიჟურ მატჩში კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა. საპასუხო შეხვედრაში კი საგოლე პასი გაუკეთა უსმან დემბელეს და გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 7 შეხვედრაში საგოლე მოქმედება შეასრულა (გოლი ან საგოლე გადაცემა).
ერთი კვირის შემდეგ კი „პარი სენ-ჟერმენს“ ქვეყნის ჩემპიონატის მოგებაშიც დაეხმარა. ეს თვე განსაკუთრებულად წარმატებული იყო კვარაცხელიასთვის, რომელიც „პარი სენ-ჟერმენს“ 2025 წლის იანვარში 80 მილიონ ევროდ შეუერთდა.
კვარაცხელია დაიბადა და გაიზარდა საქართველოს დედაქალაქ თბილისში. მას ყველაფერი შეუძლია – ფინტები, დრიბლინგები, ორივე ფეხით თამაშობს. შეუძლია ყველაზე სწრაფი მცველიც კი ჩამოიტოვოს. ასეთ ეპიზოდებშიც ლამაზად თამაშობს. ის ერთდროულად ჭკვიანიც არის და მეტოქეებისთვის დამანგრეველიც. ამის გათვალისწინებით, სულაც არაა გასაკვირი, რომ „ნაპოლის“ გულშემატკივრებმა ის თვით დიეგო მარადონას შეადარეს. „კვარადონა“ სერია A-ში ნამდვილად მაგიური იყო.
კვარაცხელიას განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ფეხბურთელად კრეატიულობა ხდის. კვირიდან კვირამდე ახალი მწვერვალების დაპყრობა შეუძლია. სტატისტიკა მის შრომისმოყვარეობასაც უსვამს ხაზს. გოლები, საგოლე პასები, ზუსტი გადაცემები – ეს ყველამ ვიცით. მაგრამ მისი სტატისტიკური მაჩვენებელი უფრო მცველებისთვის არის დამახასიათებელი.

ხვიჩა კვარაცხელია მესის, მბაპეს და ნეიმარის მერე „პარი სენ-ჟერმენის“ გამორჩეული მოთამაშე უნდა გამხდარიყო. მან ეს ამოცანა წარმატებით შეასრულა. ის თავმდაბალი, პატრიოტი, თავისი ქვეყნის დიდი მოყვარულია. ოჯახს ყველაზე მაღლა აყენებს და დასახული ამოცანების მისაღწევად დიდი მონდომებით მუშაობს.
„დინამო თბილისში“ დებიუტის შემდეგ იჯარით გადავიდა მოსკოვის „ლოკომოტივში“. მერე იყო „რუბინი“, სადაც ახალგაზრდა ქართველმა გარემარბმა გაიბრწყინა და რუსული პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ზედიზედ ორჯერ დაასახელეს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რუსეთში მოთამაშე უცხოელ ფეხბურთელებს კონტრაქტები შეუჩერდათ – ეს იმას ნიშნავდა, რომ ლეგიონერებს სხვა ქვეყნებში გადასვლა შეეძლოთ. კვარაცხელია დროებით სამშობლოში დაბრუნდა – იქამდე, სანამ ავანსცენაზე „ნაპოლი“ არ გამოვიდა. იტალიაში გატარებული 2.5 წლის შემდეგ კვარაცხელია ნამდვილი ტოპმოთამაშე გახდა – გუნდს ორი სკუდეტო მოაგებინა. შეარქვეს „კვარადონა“ და „კვარავაჯო“. ამბობენ, რომ ნეაპოლის კაფეებში არცერთი ქართველი ევროსაც კი არ იხდიდა.
ფრანგი ჟურნალისტი ჟერემი სმიტი ყურადღებით ადევნებდა თვალს იმას, თუ როგორ პასუხობდა კვარაცხელია კრიტიკოსებს: „როცა ის „პარი სენ-ჟერმენში“ გადმოვიდა, ზოგიერთმა ამ ტრანსფერს ეჭვის თვალით შეხედა. გუნდს უკვე ჰყავდა შესანიშნავი შეტევა, მაგრამ კვარაცხელიამ ამ შეტევას შემატა სიღრმე, ვარსკვლავური გაქანება და შრომის ხარისხი. ამან დიდი როლი ითამაშა „პარი სენ-ჟერმენის“ მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგებაში. კვარაცხელიას გაცილებით მეტი გამძლეობა აქვს, ვიდრე ზოგადად გარემარბებს ახასიათებთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის დაცვაში თავდაუზოგავად მუშაობს. ეს არის სხვაობა იმ „პარი სენ-ჟერმენთან“, რომლის ღირსებასაც მესი, მბაპე და ნეიმარი იცავდნენ. ნებისმიერ გუნდს ტიტულის მოგება შეუძლია, თუ ჰყავს ერთი ფეხბურთელი, ვინც ცოტა მაღალ დონეზე თამაშობს, ვიდრე სხვები. გასულ სეზონში, სულ ცოტა ფინალამდე, ასეთი კვარაცხელია იყო.
როცა ხვიჩა კვარაცხელია წავიდა პარიზში, ის ნეაპოლის პრინცი იყო, ახლა ის მზადაა მეფის ტახტის დასაკავებლად!“