ბაკურიანში ქართული კინოს ფორუმი გაიხსნა
ბაკურიანში ქართული კინოს ფორუმი გაიხსნა

ბაკურიანში ქართული კინოს ფორუმი გაიხსნა. ფორუმის სახელწოდებაა „ნახე პირველად ბაკურიანში“. ფორუმი საზოგადოებას იმ ახალ ქართულ ფილმებს სთავაზობს, რომლებიც ფართო აუდიტორიას ჯერ არ უნახავს.

გახსნის დღეს ფორუმის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, ენახათ დიმიტრი ცინცაძის ნამუშევარი – საქართველოს კანდიდატი ფილმი ოსკარზე „შინდისი“. ფილმის ჩვენებას რეჟისორები, პროდიუსერები, მსახიობები, კინომცოდნეები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კინოჩვენებების გარდა გაიმართა საინტერესო დისკუსიაც.

ამასთან, ფორუმის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, პირველად ნახონ დიმიტრი მამულიას ფილმი „ბოროტმოქმედი“. ფილმის მსოფლიო პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე ახლახანს შედგა. კინოფორუმის პროგრამაშია ასევე დიმიტრი ცინცაძის ახალი ნამუშევარი, შანხაის კინოფესტივალის ტრიუმფატორი „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“. ბაკურიანში შედგება ახალგაზრდა ქართველი რეჟისორების უტა ბერიასა და გიგა ლიკლიკაძის ფილმების პრემიერებიც, ასევე გაიმართება გიორგი მრევლიშვილის დოკუმენტური ფილმის ჩვენება.

ღონისძიებას ეროვნული კინოცენტრი და მთის კურორტების განვითარების კომპანია ერთობლივად წარმოადგენენ.