ბაკურიანში 60 წლის მეხანძრე-მაშველ ტყუპ ძმებს სამოქალაქო უსაფრთხოების მაიორის წოდება მიენიჭათ
ბაკურიანში 60 წლის მეხანძრე-მაშველ ტყუპ ძმებს სამოქალაქო უსაფრთხოების მაიორის წოდება მიენიჭათ

ბაკურიანის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველებს, ტყუპ ძმებს – ამირან და ავთანდილ წითლანაძეებს, რომლებსაც 60 წელი შეუსრულდათ, 23 სექტემბერს სამსახურში ბოლო სამუშაო დღე ჰქონდათ, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„ძმები 38 წლის განმავლობაში ერთგულად და განსაკუთრებული პროფესიონალიზმით მსახურობდნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურში. მეხანძრე-მაშველებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ქალაქ ბორჯომის სახანძრო-სამაშველო სამმართველოში ესტუმრა, შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით, სამოქალაქო უსაფრთხოების მაიორის წოდება გადასცა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაინერგა ახალი ინიციატივა, რომელიც დამსახურებული მეხანძრე-მაშველების სათანადოდ დაფასებას და სამსახურიდან მათ ღირსეულად გაცილებას ემსახურება“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.