ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობის დასრულება სექტემბრამდე იგეგმება
ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობის დასრულება სექტემბრამდე იგეგმება

ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა სექტემბრამდე დასრულდება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან აცნობეს.

პროექტის მიმდინარეობას ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია გაეცნო. მისი თქმით, შემოვლითი გზის არარსებობის გამო, ბაკურიანში ხშირი იყო საცობები, რაც ტურისტების და ადგილობრივი მოსახლეობის კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას უშლიდა ხელს. როგორც შენგელია აცხადებს, სამუშაოების დასრულების შემდეგ, ეს პრობლემა სრულად მოგვარდება.

ამასთან, პროექტის ფარგლებში იგეგმება დაახლოებით სამკილომეტრიანი გზის მშენებლობა.

როგორც შენგელია აცხადებს, მომდევნო ეტაპებზე მოხდება მიტარბისა და კოხტას საბაგირომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და დიდველზე პარკინგის გაფართოება, ასევე დაგეგმილია ბაკურიანისთვის სპეციალური ტრანსპორტის, კერძოდ, 35 ერთეული ტექნიკის – თოვლის საწმენდი, სათხილამურო ტრასების მოსაწესრიგებელი, მყარი ნარჩენების მართვის, საცობების პრევენცია/განეიტრალებისთვის და ვიზიტორების ტრანსპორტირებისთვის საჭირო ტექნიკის შეძენა. აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება 15 მილიონი ლარია.

იგეგმება ბაკურიანის ურბანული განახლება, სატრანსპორტო გეგმის შემუშავება, ავტოსადგომის, ცენტრალური ბილიკისა და გზის მოწყობა, ასევე – ბაკურიანის რეკრეაციული პარკის რეაბილიტაცია.

გიორგი შენგელიას განცხადებით, წლების განმავლობაში ბაკურიანისა და გუდაურის კურორტების ქაოტური განაშენიანების შედეგად, არსებული ინფრასტრუქტურა ვერ ემსახურება დამსვენებელთა გაზრდილ რაოდენობას.

მისი თქმით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ კურორტის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილი პროექტები სწორედ არსებული პრობლემების მოწესრიგებას ემსახურება.