ბაკურ კვაშილავა - „ოპოზიციური ალიანსის“ შექმნის მიზანი იყო ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა, რომ აუცილებელია გაერთიანება, როდესაც ქვეყანა აშკარად მიდის დიქტატურისკენ
„ოპოზიციური ალიანსის“ შექმნის მიზანი იყო ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა, რომელიც ამბობდა, რომ ასეთ სიტუაციაში, როდესაც ჩანს, ქვეყანა აშკარად მიდის დიქტატურისკენ, აუცილებელია გაერთიანება, რათა მოსახლეობის ნაწილს, რომელსაც არ სურს, დაემორჩილოს დიქტატურას, ჰქონდეს იმედი, რომ არსებობს ქმედითი ძალა, რომელიც შეძლებს წინ აღუდგეს ყველაფერს, რასაც დღეს „ქართული ოცნება“ აკეთებს, – ამის შესახებ „თავისუფლების მოედნის“ გენერალურმა მდივანმა, ბაკურ კვაშილავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
მისივე თქმით, კოორდინაციის მექანიზმი არსებობს და მიმდინარეობს დისკუსიები რეგულარულად, სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე.
როგორც კვაშილავამ აღნიშნა, „თავისუფლების მოედანმა“ ეს ნაბიჯი გადადგა, რადგან ასეთი დაკვეთა იყო და „თავისუფლების მოედანი“ გახდა ამ ალიანსის ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელიც ასეთი საკოორდინაციო მექანიზმია.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა დაპირისპირება ალიანსში, რაც ამა თუ იმ ლიდერის მხრიდან ერთმანეთის მისამართით დამაკნინებელი განცხადებებიდან ჩანს და აზიანებს თუ რა ეს 26 მაისის შეკრების გეგმას, ბაკურ კვაშილავამ განაცხადა, რომ ასეთი დისკუსიები უფრო მეტ დინამიკურობას ანიჭებს ნებისმიერ წამოწყებას და შესაძლოა, გამოიწვიოს რაფინირებაც კი კონკრეტული გეგმის, რომელიც შეიძლება, ამ მიმართებით არსებობდეს.
შეკითხვაზე, არღვევს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმების წესებს იმ განცხადებებით, რომლებსაც ვისმენთ იმავე მიხეილ სააკაშვილისგან და ლევან ხაბეიშვილისგან, ბაკურ კვაშილავამ აღნიშნა, რომ კონკრეტულ განცხადებას რაც შეეხება, „თავისუფლების მოედანი“ იყო ერთ-ერთი ყველა იმ პოლიტიკური პარტიიდან, რომელმაც თქვა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნამდვილად შეთანხმება დაირღვა.
„დანარჩენმა რვა პარტიამ ეს აღნიშნა იმ განცხადებაში და, ბუნებრივია, ასე ვთვლით, ამ შემთხვევაში ეს ასე მოხდა. არის სამწუხარო ფაქტი, მაგრამ დადებითია ის, რომ ჩვენ ვამკვიდრებთ ქართულ პოლიტიკაში ისეთ წესებს, სადაც სიტყვას ფასი აქვს, რომ აღმოიფხვრას საკუთარი შეხედულების გადათქმის მავნე ტრადიცია, როგორც, მაგალითად, გაკეთდა განცხადება, რომ ევროკავშირთან წყვეტენ მოლაპარაკებას 2030 წლამდე და მერე ამბობენ, ასეთი რამ არ გვითქვამსო“, – განაცხადა კვაშილავამ.
„თავისუფლების მოედნის“ გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა რჩება გარიყულ, კეთროვან მოთამაშედ საერთაშორისო არენაზე.
„21-ე საუკუნეში შეუძლებელია, ერთი მხრივ, უღიმოდე და ხელს ართმევდე ზელენსკის ასეთი დიდი სიყვარულით და მერე შენს აუდიტორიას ელაპარაკებოდე, რომ ეს არის ადამიანი, რომელმაც საკუთარი ქვეყანა დაანგრია და გამოიწვია ომი კრემლთან. ამის საფუძველზე ააგო 2024 წლის კამპანია, იქ მეტროში გამოკრული სამარცხვინო სურათებით, ხომ? ამას ის ხალხი ხედავს და ხვდება, რომ „ქართული ოცნება“ არის არასანდო პარტნიორი. მე უფრო შორს წავიდოდი და ოპოზიციის დიდი ნაწილისგან განსხვავებით ვიტყოდი, რომ „ქართული ოცნება“ არასანდო პარტნიორია, მათ შორის, რუსეთისთვის“, – განაცხადა კვაშილავამ.
გადაცემის წამყვანმა სტუმარს შეახსენა, რომ საქართველოს პრემიერთან, შემდეგ კი საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის ინიციატორი უკრაინული მხარე იყო და დღეს უკვე იყო სატელეფონო ზარი, რაზეც კვაშილავამ აღნიშნა, რომ ეს მიუთითებს უბრალოდ იმაზე, რომ უკრაინას დღეს შესწევს ძალა, დააიგნოროს ის უპასუხისმგებლო განცხადებები, რომლებიც მუდმივად მოდიოდა საქართველოდან.