ბაკურ კვაშილავა - დასავლეთი ყველანაირად ცდილობს, საქართველო მთლიანად დააბრუნოს ევროპულ ორბიტაზე და, სამწუხაროდ, ხედავს, რომ ამის ერთადერთი ხელის შემშლელი დღეს „ქართული ოცნებაა“
დასავლეთი ყველანაირად ცდილობს, საქართველო მთლიანად დააბრუნოს ევროპულ ორბიტაზე და, სამწუხაროდ, ხედავს იმას, რომ ამის ერთადერთი ხელის შემშლელი დღეს არის „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობის, „თავისუფლების მოედნის“ გენერალურმა მდივანმა, ბაკურ კვაშილავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„მაგალითად, იყო საუბარი, რომ გაგვიუქმებენ ვიზალიბერალიზაციას, მაგრამ არ მოხდა ასე, რადგან დასავლეთმა გაიაზრა, რომ ეს იქნებოდა ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული სანქცია და შემოვიდა სხვა ტიპის სანქციები, რომელიც შეეხებოდა დიპლომატიურ პასპორტებს, კონკრეტულ ადამიანებს“, – განაცხადა კვაშილავამ.
მისი თქმით, ევროკავშირი ითხოვს დემოკრატიული რეფორმების გატარებას, თანასწორი, კონკურენტული პოლიტიკური გარემოს შექმნას.
„ევროკავშირის რეკომენდაციები როდესაც მოდის, რვა იქნება თუ ცხრა, როგორც არის ამ შემთხვევაში მოცემული, ძირითადად, თუ დავაკვირდებით, ეხება იმას, რომ შეიქმნას თანასწორი პოლიტიკური გარემო თავისუფალი კონკურენციისთვის, რომელიც საშუალებას მისცემს ყველა ძალას, რომ თავისი პროდუქტი, თავისი ხედვა შესთავაზოს მოსახლეობას და ამ მოსახლეობამ მერე აირჩიოს ან გადაირჩიოს ის ხელისუფლება, რომელიც ამ წუთში ჰყავს. საერთო შეფასებით, ნათელია, რომ ეს ასე არ არის და ამიტომ საქართველო ვერ მიდის სწორ გზაზე“, – განაცხადა კვაშილავამ.
მისი თქმით, ჩვენ ახლა გვაქვს უნიკალური ვითარება, რომელიც „მხედრიონის“ მერე არ ყოფილა, როდესაც თავისუფალი, დემოკრატიული სამყაროს 90%-მა, ფაქტობრივად, არ აღიარა ჩატარებული არჩევნები.
გადაცემის წამყვანმა სტუმარს USAID-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჰკითხა, რომელთან მიმართებაშიც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია მწვავე განცხადებებს აკეთებს, საქართველოს ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ვაშინგტონის გზავნილები ურთიერთობების გადატვირთვის შესაძლებლობაა, რაზეც ბაკურ კვაშილავამ განაცხადა, რომ USAID-ის შეჩერება არის აბსოლუტურად შიდა პოლიტიკური დაკვეთა, რომელიც ტრამპმა განახორციელა და ეს არის ამერიკაში ჩადებული იზოლაციონიზმის მარცვალი, რომელიც ხან იფეთქებს, ხან კი ისევ უკანა პლანზე გადადის.
„ტრამპმა გაიმარჯვა, ზოგადად, იმ დღის წესრიგით, რომელიც ამბობს – ამერიკა ამერიკელებისთვის, ამერიკა პირველ ყოვლისა. USAID-ი არის ორგანიზაცია, რომელიც მთელი მსოფლიოს პრობლემების მოგვარებას ცდილობდა ისე, როგორც თავად თვლიდა საჭიროდ. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის ბიუჯეტის ძალიან მცირე, უმნიშვნელო ნაწილი იყო USAID-ზე გამოყოფილი, იმ ამერიკელს, რომელიც მიჩიგანში ცხოვრობს და ფერმერია, მიაჩნია, რომ თითოეული ცენტიც კი, რომელიც გასულია ამერიკის ბიუჯეტიდან და ეხმარება, ვთქვათ, ღაზაში მყოფ მშიერ ბავშვებს, არ იხარჯება ისე, როგორც საჭიროა და უნდა დახარჯულიყო ამერიკაზე“, – განაცხადა კვაშილავამ.
თამთა სანიკიძემ სტუმარს ილონ მასკის განცხადება შეახსენა, სადაც თქვა, რომ იქიდან, რასაც USAID-ი აკეთებდა, ბევრი რამ გავლენას ახდენდა არჩევნებზე იმგვარად, რაც, მისი აზრით, საეჭვო იყო და ამ ფაქტორზე მიუთითებს „ქართული ოცნებაც“, რაზეც ბაკურ კვაშილავამ აღნიშნა, რომ ილონ მასკზე და მის გუნდზე უკვე ისეთი რაღაცები არის ცნობილი, რომ ადამიანები, რომლებიც მასთან მუშაობდნენ, როგორც სტაჟიორები, დღეს USAID-ის წმენდას აწყობენ.
„დაახლოებით ისეთი სიტუაციაა, როგორც 60-იან წლებში კულტურული რევოლუცია იყო ჩინეთში, როდესაც სკოლის მოსწავლეებმა პროფესორები გამოყარეს და გაუშვეს ფერმაში ძროხების მწველავად, რომ ეგრძნოთ, რა არის ურთიერთობა ხალხთან. ახლაც დაახლოებით ასეა. USAID-ში ბიუროკრატია რომ იყო, ამაზე იდავოს, მაგრამ ის მიდგომები, რომელიც ილონ მასკს აქვს – და თუ გავიხსენებთ მის ფაშისტურ მისალმებას და კიდევ სხვა ჟესტებს, რომელიც მას ახასიათებს – მიუთითებს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია, ეს აპრიორი ჩავთვალოთ, როგორც კარგად გააზრებული, რაციონალური და პრაგმატული მიდგომა, რომელიც ეყრდნობა რამე კვლევებს. ეს არის შეხედულება იმასთან დაკავშირებით, რომ იქ რაღაც დახურული იყო, ტრამპის დღის წესრიგისთვის ეს საწინააღმდეგოა და მივდივართ ამ გზით“, – აღნიშნა კვაშილავამ. ამასთან, განაცხადა, რომ მარტის დასაწყისში იქნება ახალი პარტიის პრეზენტაცია, რომლის მიმართ დიდი ინტერესია.