ბაკიტ სიდიკოვი - ყირგიზეთსა და საქართველოს ბევრი რამ გვაერთიანებს, ხელი მოვაწერეთ პროტოკოლს, სადაც განსაზღვრულია თანამშრომლობის ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც უნდა განვავითაროთ
ყირგიზეთსა და საქართველოს ბევრი რამ გვაერთიანებს, არსებობს არაერთი პროექტი, რომელთა განხილვა და, შესაძლოა, მომავალში განხორციელებაც შეგვიძლია, – ამის შესახებ ყირგიზეთის ეკონომიკისა და კომერციის მინისტრმა, ბაკიტ სიდიკოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს მხარეებმა ხელი მოაწერეს პროტოკოლს, რომელშიც განსაზღვრულია თანამშრომლობის ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც უნდა განავითარონ.
„ყირგიზეთის რესპუბლიკაში საქართველო-ყირგიზეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომა გაიმართა. ეს ათწლიანი პაუზის შემდეგ მეორე შეხვედრაა, რაც შეიძლება, ერთგვარ სიმბოლურ გარღვევად მივიჩნიოთ. ჩვენ ბევრი რამ გვაერთიანებს და არსებობს არაერთი პროექტი, რომელთა განხილვა და, შესაძლოა, მომავალში განხორციელებაც შეგვიძლია.
დღეს ხელი მოვაწერეთ პროტოკოლს, რომელშიც განსაზღვრულია თანამშრომლობის ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც უნდა განვავითაროთ და წინ წავწიოთ. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ორმხრივ თანამშრომლობას, იმ სატრანსპორტო და ლოჯისტიკური პოტენციალის გათვალისწინებით, რომელიც ორივე ქვეყანას ამჟამად გვაქვს. ვხედავთ დიდ შესაძლებლობებს, რომ ეს საერთო უპირატესობები რეალურ შედეგებად ვაქციოთ, მათ შორის „შუა დერეფნისა“ და მწვანე ენერგიის მიმართულებით. თანამშრომლობის სფეროთა ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია“, – განაცხადა ბაკიტ სიდიკოვმა.