ბახმაროში ტურისტული სეზონის დასაწყებად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს
ბახმაროში ტურისტული სეზონის დასაწყებად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

გურიის დაბა ბახმაროში ტურისტული სეზონის დასაწყებად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაბაში ელექტრომომარაგების 0,4 კილოვოლტიანი ძაბვის ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, გამრიცხველიანების სამუშაოების დასრულების შემდეგ 2 000 კომლს ექნება მუდმივი ელექტრომომარაგება. პროექტი რომლის ღირებულებაც 2 849 000 ლარს შეადგენს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება.

მიმდინარე სამუშაოები პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარმა, გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

„ბახმარო არის მარგალიტი კურორტებს შორის, თუმცა წლების განმავლობაში სამწუხაროდ დაგროვდა პრობლემებიც. ახლა საუკუნის პრობლემა გვარდება და სამუშაოების დასრულების შემდეგ ბახმაროს მთელი წლის განმავლობაში უწყვეტად ექნება მაღალი ხარისხის ელექტროენერგია და წყალი. რაც მთავარია, შედგენილი გენგეგმის მიხედვით მოხდება ბახმაროს განვითარება, რათა არ დაიკარგოს ის სილამაზე და უნიკალური ბუნება, რომელიც აქ არის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

„კურორტზე დამსვენებლებისათვის კომფორტული გარემოს შესაქმნელად მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის სამუშაოები, მათ შორის ხდება გამრიცხველიანება. ინტენსიურად მიმდინარეობს კურორტის დასუფთავება. პროცესში ჩართულია მერიის სხვადასხვა სამსახურები, რათა დამსვენებლებს ბახმარო მომზადებული დახვდეს. ასევე, იგეგმება ცენტრალური სკვერის მოწყობა და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება“,- აღნიშნა ზურაბ ნასარაიამ.

როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი კუჭავამ აღნიშნა, ბახმაროში ცხრა მილიონი ლარის სამუშაოები სრულდება, აქედან ელექტრომომარაგების პროექტში გასულ წელს ხუთ მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ სამუშაოებში დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.

დატოვე კომენტარი