ბახმაროში ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა
ბახმაროში ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა

ბახმაროში, ზღვის დონიდან 2000 მეტრ სიმაღლეზე, ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა.

სადგური გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებმა დაამონტაჟეს.

სააგენტო განმარტავს, რომ სადგური უზრუნველყოფს მეტეოროლოგიური პარამეტრების, ატმოსფერული წნევის, ჰაერის ტემპერატურისა და სინოტივის, ნალექების რაოდენობის, ქარის სიჩქარისა და მიმართულების უწყვეტ რეჟიმში გაზომვას და მონაცემების ონლაინ რეჟიმში გადაცემას. მეტეოროლოგიური სადგურებიდან მიღებული მონაცემები კი, ხელს შეუწყობს ამინდის პროგნოზების ხარისხის გაუმჯობესებას და მოსალოდნელი სტიქიური მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური მოვლენების შესახებ გაფრთხილებების დროულად მომზადებასა და გავრცელებას.

ბახმაროს მეტეოროლოგიური სადგურიდან მიღებული მონაცემები აისახება მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ინფორმაციის გაცვლის გლობალურ ქსელში, რაც საქართველოს მიერ საერთაშორისო ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას გულისხმობს.

ამასთან, წლის ბოლომდე დაგეგმილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კიდევ სამი ახალი მეტეოროლოგიური სადგურის დამონტაჟება.