ბახმაროს დასახლებული პუნქტის სტატუსი მიენიჭება
ბახმაროს დასახლებული პუნქტის სტატუსი მიენიჭება

ბახმაროს უახლოეს პერიოდში დასახლებული პუნქტის სტატუსი მიენიჭება, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბახმაროში უკვე მიმდინარეობს ელექტრომომარაგების სამუშაოები, რაც წლების განმავლობაში პრობლემა იყო. ასევე წელს გამოცხადდება წყალკანალიზაციის საპროექტო სამუშაოების ტენდერი და წყალგაყვანილობის სამუშაოები სავარაუდოდ, მომავალ წელს დამთავრდება.

„რაც შეეხება ბახმაროს, როგორც კურორტის განვითარებას, სახელმწიფოს ამისთვისაც მნიშვნელოვანი რამ აქვს გაკეთებული. ეს არის ბახმაროს განვითარების გენერალური გეგმა, რაც გვაძლევს საშუალებას, ამ კურორტს მივუდგეთ ერთი კონცეფციის ფარგლებში. პირველ რიგში, გადავარჩინოთ ის უნიკალური გარემო, რის გამოც ბახმაროში დამსვენებელი ჩადის და მეორეს მხრივ, განვავითაროთ ის, როგორც თანამედროვე კურორტი“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, ელექტროგაყვანილობის სამუშაოებზე წელს 5 მილიონი ლარი იხარჯება, ხოლო რაც შეეხება წყალგაყვანილობის სამუშაოების ღირებულებას, ის საპროექტო სამუშაოების დასრულების შემედეგ გახდება ცნობილი.

„გენერალური გეგმა მოიცავს ბახმაროს სამთო-სათხილამურო კურორტად ქცევის კონცეფციას და გენგეგმა შემუშავებულია ოთხი სეზონის კურორტის კონცეფციიდან გამომდინარე. ამ ეტაპზე, ჩვენ გენგეგმის ავტორებთან ერთად ვმუშაობთ, რათა განვსაზღვროთ ამ სამუშაოების ეტაპობრიობა და საჭირო ინვესტიციები. წლების განმავლობაში ასევე გადაუჭრელი იყო ბახმაროსთვის სტატუსის მინიჭების თემა – ბახმაროს უახლოეს პერიოდში დასახლებული პუნქტის სტატუსი მიენიჭება“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.