ბახმაროს დასასვენებელი სკვერების განაშენიანების გეგმა დამტკიცდა
ბახმაროს დასასვენებელი სკვერების განაშენიანების გეგმა დამტკიცდა

საქართველოს მთავრობამ ქვეყნის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ შემუშავებული დაბა ბახმაროს დასასვენებელი სკვერების განაშენიანების რეგულირების გეგმა დაამტკიცა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, გეგმა მოიცავს ბახმაროს სარეკრეაციო არეალში მდებარე 13 805 კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკების მოპირკეთების, ტროტუარისა და ნარგავების, ბორდიურების, ტერიტორიის მწვანე საფარის, დეკორატიული ღობის მოწყობისა და გამწვანების სამუშაოებს. სკვერში განთავსდება სკამები, დამონტაჟდება გარე განათება, ფანჩატური, და მოეწყობა ბავშვთა სათამაშო სივრცეები. მოწესრიგდება საინჟინრო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა.

საპროექტო ტერიტორიის საპარკე ფუნქციით განვითარება უკვე დაწყებულია, განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში კი, იგეგმება სკვერის გაფართოება.

დაბა ბახმაროს განახლებული სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა 2017 წელს დამტკიცდა. როგორც მიწათსარგებლობის, ისე განაშენიანების რეგულირების გეგმა ხელს შეუწყობს დაბის სწორ განვითარებას და დაიცავს კურორტს ქაოსური განაშენიანებისაგან.