„ბაიერნმა“ მეცხრედ მოიგო გერმანიის სუპერთასი, ნაგელსმანმა კარიერაში პირველი ტიტული მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
„ბაიერნმა“ მეცხრედ მოიგო გერმანიის სუპერთასი, ნაგელსმანმა კარიერაში პირველი ტიტული მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

დორტმუნდის „სიგნალ იდუნა პარკზე“ გერმანიის სუპერთასი გაითამაშეს „დორტმუნდმა“ და „ბაიერნმა“.

მიუნხენელებისთვის მნიშვნელოვანი იყო ამ მატჩის მოგება იმ მხრივ, რომ კლუბი ეთხოვებოდა თავის ლეგენდასა და დიად ბომბარდირს გერდ მიულერს. „ბაიერნის“ მოთამაშეები მოთელვაზე ერთნაირი მაისურებით გავიდნენ – ზურგზე ყველას მიულერის გვარი და ციფრი 9 ეწერა.

პირველ ტაიმში „ბაიერნი“ ორჯერ მანუელ ნოიერმა გადაარჩინა, მაგრამ მიუნხენელებმა უფრო მეტი მომენტი შექმნეს გრეგორ კობელის კართან. ყველაზე აქტიური, რა თქმა უნდა, რობერტ ლევანდოვსკი იყო.

შესვენების წინ, პოლონელმა თავით გაიტანა სერჟ გნაბრის ჩაწოდების შემდეგ. მეორე ტაიმში კი საგოლე კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა – ქუსლით ლამაზად გაისწორა ალფონსო დევისის ჩაწოდებული ბურთი და შესანიშნავი საგოლე პასი გამოუვიდა თომას მიულერზე.

დორტმუნდელებმა მარკო როისის დარტყმით უპასუხეს – ნოიერს იმ მომენტში შანსი არ ჰქონდა. თუმცა, ინტრიგა დიდი ხანი არ შენარჩუნებულა. 73-ე წუთზე კორენტენ ტოლისომ ჩაშალა „დორტმუნდის“ დაცვიდან ამოსვლა – და მაშინვე ერთი ერთზე გაიყვანა ლევანდოვსკი, რომელმაც დუბლი შეასრულა და მოუგო პირველი პირადი დუელი ახალ სეზონში ერლინგ ჰალანდს.

 

ფაქტები

* „ბაიერნმა“ მეცხრედ მოიგო გერმანიის სუპერთასი, რაც ეროვნული რეკორდია.

* „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელისთვის იულიან ნაგელსმანისთვის ეს არის არა მხოლოდ პირველი ტიტული მიუნხენურ კლუბში, არამედ მთლიანად კარიერაში.

* მიუნხენელებმა ზედიზედ მეექვსედ დაამარცხეს „დორტმუნდი“. ასეთი დომინირება ამ გუნდების ისტორიაში არასოდეს ყოფილა.

* ლევანდოვსკის ძალიან უყვარს ყოფილი კლუბის გაწბილება. დორტმუნდელების წინააღმდეგ მან 24 მატჩი ჩაატარა და 24 გოლი გაიტანა. არც ერთი სხვა გუნდისთვის უფრო მეტი პოლონელს არ გაუტანია.

* ლევანდოვსკიმ „ბაიერნის“ რიგებში ზედიზედ მე-14 მატჩში გაიტანა. უკეთესი სერია გერდ მიულერს ჰქონდა – 16 მატჩი.

 

დორტმუნდი-ბაიერნი 1:3

გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (41), 0:2 მიულერი (49), 1:2 როისი (64), 1:3 ლევანდოვსკი (74)

დორტმუნდი: კობელი, პასლაკი (84. ვოლფი), შულცი, აკანჯი, ბელინგემი (84. რეინიერი), ვიტცელი, დაუდი, რეინა (78. პაშალიჩი), როისი, მუკოკო (58. მალენი), ჰალანდი.

ბაიერნი: ნოიერი, სტანიშიჩი (87. სარი), უპამეკანო, ზიოლე, დევისი, გორეტცკა, კიმიხი, მიულერი (73. მუსიალა), კომანი (49. სანე), ლევანდოვსკი (88. შუპო-მოტინგი), გნაბრი (73. ტოლისო).