"ბაიერნმა" "დორტმუნდს" მოუგო და გერმანიის თასის მეოთხედფინალში გავიდა
"ბაიერნმა" "დორტმუნდს" მოუგო და გერმანიის თასის მეოთხედფინალში გავიდა

გერმანიის თასის გათამაშებაში მერვედფინალური ეტაპი დასრულდა. მთავარი მატჩი მიუნხენში “ალიანც არენაზე” გაიმართა – “ბაიერნმა” საკუთარ მოედანზე მიიღო “დორტმუნდი”.

მასპინძლებმა ძალიან კარგად ჩაატარეს პირველი ტაიმი. უკვე მე-12 წუთზე ჯერომ ბოატენგმა ძელიდან ასხლეტილ ბურთს დაამატა და ანგარიში გახსნა, ტაიმის მიწურულს კი თომას მიულერმა 2:0 ანგარიში გახადა. აღსანიშნავია, რომ მიულერს გერმანიის თასზე 16 მატჩში აქვს გოლი გატანილი და “ბაიერნმა” 16-ივე შეხვედრა მოიგო.

მეორე ტაიმში გერმანიის ჩემპიონს უპირატესობის შენარჩუნება გაუჭირდა. “დორტმუნდმა” 77-ე წუთზე ანდრეი იარმოლენკოს გოლით სხვაობა შეამცირა და დარჩენილი დრო შეტევებში გაატარა, მაგრამ თამაშის გადარჩენა ვერ შეძლო და “ბაიერნმა” 2:1 მოიგო. ბოლო ექვს წელიწადში მეოთხედ “დორტმუნდი” გერმანიის თასიდან სწორედ “ბაიერნმა” გამოაგდო.

გერმანიის თასის მერვედფინალის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
მაინცი-შტუტგარტი 3:1
პადერბორნი-ინგოლშტადტი 1:0
ნიურნბერგი-ვოლფსბურგი 0:2 დ.დ.
შალკე-კიოლნი 1:0
ვერდერი-ფრაიბურგი 3:2
გლადბახი-ლევერკუზენი 0:1
ჰაიდენჰაიმი- აინტრახტი 1:2 დ.დ.