მიუნხენის „ბაიერნი“ მზად არის ამ ზაფხულს ავსტრიელი მცველის დავიდ ალაბას გასაყიდად. ამის შესახებ გაზეთმა „ტელეგრაფმა“ დაწერა.
მიუნხენურ კლუბს 27 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება, ხოლო მოლაპარაკებები ჯერჯერობით წარუმატებელია. მარტის ბოლოს იტყობინებოდნენ, ალაბამ უარყო „ბაიერნის“ წინადადება, რადგან პირობები არ მოეწონა. იმისთვის, რომ ერთი წლის შემდეგ ფეხბურთელი უფასოდ არ დაკარგოს, გერმანიის ჩემპიონმა შეიძლება უკვე ამ ზაფხულს გაყიდოს მცველი.
ალაბას შეძენის პრეტენდენტებად „პარი სენ-ჟერმენი“, „ლივერპული“, „მანჩესტერ სიტი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ სახელდებიან. სავარაუდოდ, „ბაიერნი“ ავსტრიელისთვის მინიმუმ 50 მილიონს მოითხოვს.
მიმდინარე სეზონში ალაბამ მიუნხენელთა რიგებში 36 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.