ბაია პატარაია - მე ვეთიშები საზოგადოებრივი მაუწყებლის კონკურსს
ბაია პატარაია  - მე ვეთიშები საზოგადოებრივი მაუწყებლის კონკურსს

კავშირი „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შესარჩევ კონკურსს ეთიშება. პატარაია სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენილი ზვიად დევდარიანის მიმართ სექსუალური შევიწროების ბრალდებებს გამოეხმაურა.

„ორი დღეა ჩემი მეგობარი სექსუალურ შევიწროებაში ამხილეს და ორი დღეა მე ვუყურებ ჩემ სამსჯავროს: დადგები თუ არა მსხვერპლი ქალის გვერდით? აიღებ თუ არა სამართლიანობის ხმალს ხელში და თავს შუაზე გაუჩეხავ შენ მეგობარს?

მე არ მინდა ჩემ მეგობარს ვურტყა ნაჯახი, მე მინდა ვიყო ადამიანი.

მე ვეთიშები საზმაუს კონკურსს. ქალთა მოძრაობა აკეთებს იმას, რასაც უნდა აკეთებდეს“, – წერს ბაია პატარაია.

„ქალთა მოძრაობა“ საქართველოს სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მოუწოდებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობაზე მის მიერ დასახელებული ზვიად დევდარიანის კანდიდატურა გამოითხოვოს და შეისწავლოს ყველა იმ ქალის ისტორია, რომელიც დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ამხელს.

ბაია პატარაია იმ 12 კანდიდატთა შორის იყო, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შესარჩევმა კომისიამ მეურვეობის მსურველი 14 კანდიდატიდან შეარჩია და სია პარლამენტს გადაუგზავნა.