ბაია პატარაია - „საფარის“ არქივის უდიდესი ნაწილი უკვე განადგურებულია იმ მიზნით, რომ ხელში არავის ჩაუვარდეს სენსიტიური ინფორმაცია
ბაია პატარაია - „საფარის“ არქივის უდიდესი ნაწილი უკვე განადგურებულია იმ მიზნით, რომ ხელში არავის ჩაუვარდეს სენსიტიური ინფორმაცია

დაიწყო ღია ბრძოლა „საფარის“ და სხვა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ. ეს მხოლოდ დასაწყისია, ისინი შეეცდებიან ყველა ამ ორგანიზაციის დახურვას, – ამის შესახებ კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ ბრიფინგზე განაცხადა.

ბაია პატარაიას თქმით, „საფარის“ არქივის უდიდესი ნაწილი უკვე განადგურებულია სწორედ იმ მიზნით, რომ ძალიან სენსიტიური ინფორმაცია ხელში არავის ჩაუვარდეს.

„მოგეხსენებათ, „საფარი“ არის ქალთა უფლედაცვითი ორგანიზაცია. ჩვენ 24 წელია, ვმუშაობთ და უამრავი ქალი და ბავშვი ბენეფიციარი გვყოლია. ისინი ჩვენთან მოდიან უმძიმესი პირადი ისტორიებით. ჩვენ გვაქვს არაერთი საქმე პედოფილიის, სქესობრივი ძალადობის და სხვა საშინელი დანაშაულის. ხშირად, როდესაც მოგვმართავენ, არ მიმართავენ პოლიციას, რადგან არ აქვთ ნდობა სახელმწიფო უწყებების მიმართ. ზოგჯერ ისინი მხოლოდ ჩვენს სერვისებს იღებენ. შესაბამისად, მათი ისტორიები, მათი სამედიცინო ისტორიები ინახება ჩვენთან.

მე მინდა, მივმართო ამ ქალებს და ბავშვებს, რომლებსაც მიუღიათ ჩვენგან მომსახურება, სერვისები და მხარდაჭერა. დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ თქვენს მონაცემებს, ისტორიებს და თქვენს ამბებს ბოლომდე დავიცავთ. ის არ ჩაუვარდება ხელში რაჟდენ კუპრაშვილს და რუსულ რეჟიმს, ჩვენ გავუფრთხილდებით ყველაფერს, რაც გვაქვს. მინდა, იცოდეთ: „საფარის“ არქივის უდიდესი ნაწილი უკვე განადგურებულია სწორედ იმ მიზნით, რომ ხელში არავის ჩაუვარდეს ეს ძალიან მგრძნობიარე და სენსიტიური ინფორმაცია.

ჩემთვის ძალიან ცხადია, რომ დაიწყო ღია ბრძოლა „საფარის“ და სხვა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ. ეს მხოლოდ დასაწყისია, მაგრამ ისინი შეეცდებიან ყველა ამ ორგანიზაციის დახურვას. ამიტომ, მინდა, ქალებს ვუთხრა: მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, დაიწყოს ჩვენი დევნა, მათ შორის, სისხლის სამართლებრივი დევნა და დაპატიმრებები, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ მუშაობას. თუ ჩვენ არ მოგვეცემა საშუალება, რომ გავაგრძელოთ მუშაობა როგორც არასამთავრობო ორგანიზაციამ, ჩვენ მოვძებნით სხვა ზომებს, ჩვენ არ დავტოვებთ არავის მარტო და ვიბრძოლებთ, რათა ქალების და ბავშვების უფლებები ბოლომდე იყოს დაცული ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ბაია პატარაიამ.