ბაია პატარაია - ჩვენ გვყავს პატიმარი, რომელსაც არ ღირსებია სამართლიანი სასამართლო, მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოში
ბაია პატარაია - ჩვენ გვყავს პატიმარი, რომელსაც არ ღირსებია სამართლიანი სასამართლო, მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოში

ჩვენ მოვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ იქნას მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოში გადაყვანილი და სახელმწიფომ პატივი სცეს მისი ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლებას, – ამის შესახებ კავშირი „საფარის“ ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ რუსთავში აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ბაია პატარაიამ აღნიშნა, აქციაზე დღეს მივიდა როგორც უფლებადამცველი და როგორც ამ ქვეყნის გულშემატკივარი.

„დღეს ძალიან მძიმე რეალობის წინაშე ვდგავართ. თავი რომ დავანებოთ პოლიტიკურ დებატებს, ეს პირველ რიგში არის ადამიანის უფლებების საკითხი. დღეს ჩვენ გვყავს პატიმარი, რომელსაც არ ღირსებია სამართლიანი სასამართლო. ჩვენ დიდი ხანია, გვინდა ავაშენოთ ისეთ ქვეყანა, სადაც ადამიანი არის ცენტრალური ფიგურა, სადაც ადამიანის უფლებებს სცემენ პატივს და სადაც ადამიანის სიცოცხლე ყველაზე ღირებულია, მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ ხელისუფლებას არ აინტერესებს ადამიანის უფლებები, არ აინტერესებს კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და მისი სიცოცხლეც კი. დღეს მიხეილ სააკაშვილი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, მისი ჯანმრთელობა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, შიმშილობს 34 დღეა. როდესაც ჟურნალისტები ეკითხებიან ხელისუფლებას, რას აპირებს ის ამ პროტესტის საპასუხოდ, ვიღებთ ცინიკურ პასუხებს. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ადამიანი 40 დღე ძლებს მშიერი და მდინარაძე ელოდება 41-ე დღეს. ჩვენ არ დაველოდებით 41-ე დღეს. ჩვენთვის ყველა დღე უკვე არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ამას გვეუბნებიან ექიმები და ჩვენ რა თქმა უნდა, გვჯერა ამ სამედიცინო პერსონალის. ომბუდსმენმა გაავრცელა მოთხოვნა და თქვა, რომ აუცილებლად გადასაყვანია საავადმყოფოში მესამე პრეზიდენტი. სამოქალაქო საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ერთობლივად გამოსცეს განცხადება და მოუწოდეს ხელისუფლებას, რომ დაუყოლებლივ იქნას გადაყვანილი საავადმყოფოში, მაგრამ არავინ არ გვისმენს“, – განაცხადა ბაია პატარაიამ.

მისივე თქმით, დღეს არც ომბუდსმენს, არც არასამთავრობო ორგანიზაციებს და არც ხალხს ხელისუფლების წარმომადგენლები არ უსმენენ.

„ჩვენ აუცილებლად უნდა ავიმაღლოთ ხმა და დღეს მე აქ მოვედი, რადგან არ შემიძლია ვიყო ჩუმად და ვუყურო იმას, რაც ხდება. ეს არ არის მარტო პოლიტიკური საკითხი და ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის ტრაგედია, მაგრამ ეს ასევე არის საქართველოს ისტორია. საქართველოს ისტორიაში წარმოუდგენელია, ქართველი ხალხისთვის აბსოლუტურად არასაჭიროა ასეთი მსხვერპლი და ჩვენა არ შევეგუებით, რომ ოლიგარქის ტყვეობაში, სამართლიანი სასამართლოს არარსებობის პირობებში მესამე პრეზიდენტი გარდაიცვალოს. ამას არც ერთი ადამიანი, რომელიც პატივს სცემს სხვა ადამიანებს, ადამიანის სიცოცხლეს, ამას არ შეეგუება და ჩვენ ამ გვინდა, რომ ასეთ რეალობის წინაშე ოდესმე დავდგეთ. ამ ქვეყანაში არც ბავშვების უფლებებს არ სცემენ პატივს. ლუკ სირაძე მახსენდება პირველ რიგში და ბევრი სხვაც. მაგრამ პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ადამიანებს, მათ შორის სააკაშვილს, აქვს თვითმკვლელობის უფლება. არ წერია ეს არც ერთ კანონში. ასეთი რამ უბრალოდ არ არსებობს და ამის თქმა არა მარტო უცოდინარობაა, ამის თქმა არის ბოროტება და სიცოცხლის წინააღმდეგ წასვლა. ამის თქმა ნიშნავს, რომ უამრავ ადამიანს მოუწოდო სუიციდისკენ. ჩვენ ისედაც ღარიბი და გაჭირვებული ქვეყანა ვართ და ისედაც უამრავი ადამიანი ამ დილემის წინაშე დგას, პრემიერისგან ამის თქმა არის დაუშვებელი. ჩვენ მოვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ იქნას მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოში გადაყვანილი და სახელმწიფო პატივი სცეს მიხეილ სააკშვილის ჯანმრთელობის უფლებას და მისი სიცოცხლის უფლებას“, – განაცხადა ბაია პატარაიამ.