ბაჰრეინის საგარეო უწყება – ირანის თავდასხმა სახიფათო ესკალაციაა
ბაჰრეინმა განაცხადა, რომ ირანმა მათ ტერიტორიაზე რამდენიმე ბალისტიკური რაკეტითა და უპილოტო საფრენი აპარატით იერიში განახორციელა, რასაც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „სახიფათო ესკალაცია“ უწოდა.
მათი განცხადებით, თავდასხმა აჩვენებს, რომ ირანს აქვს „სისტემატიური აგრესიული ქმედებების განმეორებადი პრაქტიკა“ ბაჰრეინის სუვერენიტეტის, ქვეყნის მოქალაქეებისა და მაცხოვრებლების უსაფრთხოების წინააღმდეგ.
ამასთან, ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ირანის თავდასხმის შედეგად ერთ-ერთი საცხოვრებელი შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა. უწყების განცხადებით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ხელისუფლებამ მოსახლეობას უსაფრთხო ადგილებში დარჩენისკენ მოუწოდა.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა მანამდე განაცხადა, რომ ქუვეითსა და ბაჰრეინში მდებარე ამერიკულ სამხედრო ობიექტებს დაარტყეს, რაც პასუხი იყო აშშ-ის მიერ ირანის ტერიტორიაზე განხორციელებულ ავიადარტყმებზე.