ბაჰრეინი და ისრაელი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე შეთანხმდნენ
ბაჰრეინი და ისრაელი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე შეთანხმდნენ

ბაჰრეინი და ისრაელი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში” გაავრცელა.

ბაჰრეინი, არაბთა გაერთიანებული საამიროების შემდეგ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში მეორე არაბული ქვეყანა გახდა, რომელმაც ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე შეთანხმდა.

„კიდევ ერთი ისტორიული მიღწევა დღეს! ჩვენმა ორმა დიდმა მეგობარმა, ისრაელმა და ბაჰრეინის სამეფომ სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიეს – ეს უკვე მეორე არაბული ქვეყანაა, რომელმაც ბოლო 30 დღის განმავლობაში ისრაელთან მშვიდობა დაამყარა”, – წერს დონალდ ტრამპი.

ამასთან, პრეზიდენტი ტრამპი აქვეყნებს აშშ-ის, ისრაელისა და ბაჰრეინის ერთობლივ განცხადებას.

„ეს არის ისტორიული მიღწევა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დასამყარებლად. ამ ორ დინამიკურ საზოგადოებასა და განვითარებულ ეკონომიკას შორის პირდაპირი დიალოგისა და კავშირების ჩამოყალიბება გააგრძელებს ახლო აღმოსავლეთის პოზიტიურ ტრანსფორმაციას და გააძლიერებს რეგიონში სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას”, – ნათქვამია სამი ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში.

როგორც ამავე განცხადებაშია ნათქვამი, ისრაელი ადასტურებს, რომ ალ-აქსას მეჩეთი და სხვა წმინდა ადგილები იერუსალიმში ღია იქნება ყველა აღმსარებლობის მშვიდობიანი მომლოცველებისთვის.

ისრაელი, ბაჰრეინი და არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენლები სამშვიდობო შეთანხმებას 15 სექტემბერს თეთრ სახლში მოაწერენ ხელს.