ბაღდადში, დიპლომატიური წარმომადგენლობების უბანში, სარაკეტო იერიში განხორციელდა
ბაღდადში, დიპლომატიური წარმომადგენლობების უბანში, სარაკეტო იერიში განხორციელდა

ბაღდადში, დიპლომატიური წარმომადგენლობების უბანში, სარაკეტო იერიში განხორციელდა. ერაყის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ დაცულ ე.წ. მწვანე ზონაში, სადაც სამთავრობო უწყებები და უცხო ქვეყნების საელჩოებია განთავსებული, დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

„როიტერის“ ინფორმაციით, რაკეტა სახელწოდებით „კატიუშა“ უცნობი ჯარისკაცის ძეგლთან დაეცა, რომელიც აშშ-ის საელჩოდან ნახევარ კილომეტრში მდებარეობს.

ინციდენტზე პასუხისმგებლობა არც ერთ სამხედრო ჯგუფს არ აუღია.

„ჩვენ ამ ინციდენტს ძალიან სერიოზულად ვუდგებით. პასუხისმგებლობა ირანს დაეკისრება, თუ მსგავს თავდასხმას მასთან დაკავშირებული ჯგუფები ან მსგავსი ძალების ელემენტები განახორციელებენ და ჩვენ ირანს შესაბამისად ვუპასუხებთ“, – განაცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტში.