ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში 27 მარტიდან დაიწყება
ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში 27 მარტიდან დაიწყება.
ბრალდებული შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატები ითხოვდნენ, რომ საქმეზე სამართლებრივი დევნა შეწყვეტილიყო და არსებითი განხილვისთვის არ გადაცემულიყო.
ადვოკატების პოზიცია იყო, რომ საქმეში არც ერთი მამხილებელი მტკიცებულება არ არსებობდა და ასევე ეს საქმე პოლიტიკურად იყო მოტივირებული, რომლის გამოძიებაც წინასაარჩევნოდ განახლდა. მოსამართლე ნატო ხუჯაძემ ადვოკატების პოზიცია არ გაითვალისწინა. ასევე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა, რომლითაც ისინი ითხოვდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი აუდიო ჩანაწერი დაუშვებელ მტკიცებულებად ეცნო.
აუდიო ჩანაწერის მიხედვით, ბრალდების მხარის ინფორმაციით, 2007 წლის თებერვალში მოდულის შენობაში გაიმართა თათბირი, რომელსაც კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები გია დგებუაძე იგივე მასტერა, ლევან ქარდავა რევაზ შიუკაშვილი და გიორგი მერებაშვილი ესწრებოდნენ, ხოლო თათბირზე პატარკაციშვილის ლიკვიდაციის გეგმა განიხილებოდა. მათგან სამს აქვთ მკვლელობის მომზადების ბრალდება წარდგენილი – შიუკაშვილს მერებაშვილს და ქარდავას.
რაც შეეხება გია დგებუაძეს, პროკურორის განცხადებით, ვინაიდან, იგი ნიდერლანდებია სამეფოდან ექსტრადირებულია სისხლის სამართლის სხვა საქმეზე რაზეც უკვე გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი, სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ბრალის წარსადგენად ჰოლანდიურ მხარესთან დამატებითი პროცედურების გავლა მიმდინარეობს.