ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე სასამართლოში ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხნენ
ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე სასამართლოში ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხნენ

კუდ-ის ყოფილი თანამშრომლის დავით ზარნაძის თქმით, „მასტერა“ მას პატარკაციშვილის დაცვის თანამშრომელთან დაახლოებას და შარდენზე იმ ადგილის დადგენას სთხოვდა, სადაც პატარკაციშვილი ვახშმობდა. ამის შესახებ დავით ზარნაძემ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა.

მისი თქმით, კუდ-ში მუშაობა გიორგი დგებუაძემ – „მასტერამ“ დააწყებინა, მანამდე კი საქართველოს ბანკში მუშაობდა, საიდანაც იცნობდა ნუგზარ გორჯოლაძეს. მოწმის თქმით, წლების შემდეგ, გორჯოლაძემ პატარკაციშვილის დაცვაში დაიწყო მუშაობა.

„როდესაც დგებუაძემ გაიგო, რომ გორჯოლაძეს ვიცნობდი, მასთან ურთიერთობის აღდგენა მთხოვა, დავურეკე გორჯოლაძეს, მაგრამ ცივად მესაუბრა. მას შემდეგ აღარ დამირეკავს”, – განაცხადა მოწმემ.

დღესვე, სასამართლომ აეროპორტის ყოფილი თანამშრომელი დიმიტრი თავზარაშვილი დაკითხა. მოწმემ თქვა, რომ 2007 წელს, კუდ-ში დაიბარეს, სადაც გიორგი დგებუაძე დახვდა. მოწმის თქმით, მას კუდ-ში მოსთხოვეს იმ ავიარეისების შესახებ ინფორმაცია, რომლითაც ბადრი პატარკაციშვილი დაფრინავდა. თავზარაშვილის თქმით, კუდ-ში მას ინფორმაციის სანაცვლოდ აეროპორტში, ერთ-ერთი სამსახურის უფროსობას ჰპირდებოდნენ.

„მე ამაზე არ დავთანხმებულვარ, ვუთხარი რომ არ მაქვს გამოცდილება მაღალი თანამდებობის”, – განაცხადა თავზარაშვილმა.

კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს, ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილსა და გიორგი მერებაშვილს ბრალად ედებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადება. გამოძიება ამბობს, რომ კუდ-ის სამი ყოფილი მაღალჩინოსანი პატარკაციშვილის მკვლელობის გეგმას ბიზნესმენის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე განიხილავდა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.