ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე სასამართლო სხდომა 21 აგვისტოს გაგრძელდება
ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე სასამართლო სხდომა 21 აგვისტოს გაგრძელდება

საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებულებმა ჩვენება კვლავ არ მისცეს. მათ პოზიციების ჩამოსაყალიბებლად დრო ითხოვეს.

მოსამართლემ დაცვის მხარე პროცესის გაჭიანურებისთვის ბოლოჯერ გააფრთხილა და ბრალდებულებს ჩვენების მისაცემად ვადა 21 აგვისტომდე მისცა.

დღევანდელ პროცესზე მხარეებმა მხოლოდ დაცვის მხარის ის შუამდგომლობა განიხილეს, რომლის მიხედვითაც საქმის მთავარ მტკიცებულებას, ხმის ჩამწერ მოწყობილობას დამატებითი ექსპერტიზა ჩაუტარდება.

მხარეთა განმარტებით, ექსპერტიზა დაადგენს, არის თუ არა აუდიოჩანაწერში ბრალდებულების ხმა ავთენტური და იგეგმებოდა თუ არა ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმე ბრალდებულების მიერ.

შემდეგი სხდომა აღნიშნულ საქმეზე 21 აგვისტოს ჩაინიშნა.

კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილსა და გიორგი მერებაშვილს ბრალად ედებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მომზადება. გამოძიება ამბობს, რომ კუდ-ის სამი ყოფილი მაღალჩინოსანი პატარკაციშვილის მკვლელობის გეგმას, ბიზნესმენის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე განიხილავდა.

ბრალდების ერთ-ერთი მტკიცებულება არის აუდიოჩანაწერი, რომელიც პროკურატურის ცნობით, 2007 წლის თებერვალში მოდულის შენობაში ერთ-ერთ თათბირს ასახავს. გამოძიების ცნობით, ამ თათბირზე საუბარია ბიზნესმენის ლიკვიდაციის გეგმის შეთანხმებაზე, რომელსაც ესწრებოდნენ კუდ-ის მაშინდელი მაღალჩინოსნები – გია დგებუაძე, იგივე „მასტერა“, ლევან ქარდავა, გიორგი შიუკაშვილი და გიორგი მერებაშვილი.

პროკურატურის ინფორმაციით, სწორედ ეს ჩანაწერი დაეხმარა უწყებას საქმის გახსნაში და ის 2016 წლის დეკემბერში ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს იპოვეს. ბრალდების მხარის ინფორმაციით, ეს ჩანაწერი ავთენტურია და სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომაც დაადასტურა.

დატოვე კომენტარი