ბადრი მანჯავიძე - ვაჟა გაფრინდაშვილის ადვოკატი ამბობდა, რომ იქ სამართალს ვერავინ იპოვიდა
ბადრი მანჯავიძე - ვაჟა გაფრინდაშვილის ადვოკატი ამბობდა, რომ იქ სამართალს ვერავინ იპოვიდა

ვფიქრობ, გასაჩივრებას მაინც აქვს აზრი და იმედი მაქვს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის ადვოკატი გაასაჩივრებს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ადვოკატმა ბადრი მანჯავიძემ განუცხადა, რომელიც ცხინვალში ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესზე დასასწრებად იმყოფებოდა.

„20 დეკემბერს ვიმყოფებოდი ქალაქ ცხინვალში. ჩემი ჩასვლის მიზანი იყო, დავსწრებოდი ვაჟა გაფრინდაშვილის სასამართლო პროცესს და გამემხნევებინა შორიდან ეს გმირი ქართველი კაცი. პროცესის დასრულებისთანავე გამოვიდა ადვოკატი, ვესაუბრე. გამეცნო. როგორც ვლადიმერი. ის იყო ძალზედ შეწუხებული. ამბობდა, რომ აქ სამართალს ვერ იპოვიდა ვერავინ. ერთი რამ აღნიშნა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ისევე, როგორც წინა სასამართლო სხდომაზე, ასევე ამ პროცესზე იმეორებდა, რომ იმყოფებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომ იგი დააკავა საოკუპაციო ჯარმა, რომ მას არ დაურღვევია საზღვარი, რომ ის იმყოფებოდა საქართველოში. ადვოკატმა აღნიშნა, რომ მე უძლური ვარ, ამის შემდეგ რაიმე დახმარება აღმომეჩინა მისთვისო. ასევე ვკითხე, აპირებდა თუ არა აპელაციაში გასაჩივრებას. მან ამის შესახებ მიპასუხა, რომ ჯერ არ იცოდა. ისევ იმეორებდა იმას, რომ აქ სამართლის პოვნას აზრი არ ჰქონდა და ვერ მიაღწევდა.

მისივე თქმით, როგორც ბადრაგმა, ასევე ადვოკატმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„როგორც ერთ იურისტს მიმაჩნია, რომ ეს სასამართლო პროცესი არის აბსოლუტურად აბსურდი, არ ჯდება არანაირ სამართლებლივ ფორმებში და მთლიანად არის აბსურდის თეატრი, რამის იმედი ძალიან ნაკლებია, გამომდინარე იქიდან, რომ ის არის უკანონო ტყვეობაში და იქ სამართალი არ არსებობს. გამოსავალი ერთადერთი არის – თუ ამ ე.წ. სასამართლოს მხრიდან იქნება კეთილი ნება და გამოუშვებენ და რაც მალე გამოუშვებენ, უკეთესია ყველასთვის, მაგრამ ამის იმედი იქ მე ვერ დავინახე. რატომ იყო დახურული – თავიდან მითხრეს, რომ იქნებოდა ღია პროცესი და დავლოდებოდი, რომ მოიყვანდნენ ვაჟა გაფრინდაშვილს; რომ მოიყვანეს, მას შემდეგ მითხრეს, რომ იყო დახურული და აღარ შემომიშვებდნენ. მიზეზი არ განუმარტავთ. მათი განწყობა არის არაადეკვატური, მტრული და საერთოდ ამოვარდნილი სამართლებლივი სივრციდან. თუმცა, ვფიქრობ, რომ გასაჩივრებას მაინც აქვს აზრი და მაქვს იმედი, რომ იურისტი გაასაჩივრებს. მითხრა, რომ დაელაპარაკებოდა თავად ვაჟას და გადაწყვეტდა“, – განაცხადა ადვოკატმა ბადრი მანჯავიძემ.

​მისივე ინფორმაციით, ე.წ. სასამართლო პროცესი დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.