ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
50 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ბრალდების მხარე ითხოვდა. როგორც პროცესის დაწყებამდე პროკურორმა განაცხადა, საქმეში არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც სისხლის სამართლის კანონის დარღვევა დგინდება.
თავად ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეები რეპრესიების ახალი ტალღაა, რითიც მმართველი გუნდი ოპონენტების დევნას და გაშავებას ცდილობს.
„არაერთხელ გვითქვამს, ეს არის რეპრესიების ახალი ტალღა „ქართული ოცნების“ მხრიდან. რა თქმა უნდა, არანაირ კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ეს არის კონსტიტუციის დარღვევით შექმნილი ე.წ. საგამოძიებო კომისია, რომლის ერთადერთი ამოცანაა ოპონენტების დევნა, შევიწროება, გაშავება. ეს სასამართლო პროცესი ელვისებურად ჩაინიშნა, მზად ვართ, ნებისმიერი გამოწვევისთვის“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.