ბადრი ჯაფარიძე - ზურაბიშვილთან შეხვედრაზე საუბარი იყო მიუნხენში ვიზიტზე, მაღალი რანგის პოლიტიკოსებთან მის შეხვედრებზე, ძირითადი თემა იყო პრეზიდენტის მხრიდან ჩვენთვის ამ ინფორმაციის გაცნობა
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციის წარმომადეგნლების დღევანდელი შეხვედრის ძირითადი თემა იყო ზურაბიშვილის მიუნხენში ვიზიტი და აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ინფორმაციის გაცნობა.
„საუბარი იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიუნხენში ვიზიტზე, მის შეხვედრებზე სხვადასხვა მაღალი რანგის პოლიტიკოსთან, იმასთან დაკავშირებით, რომ მან დეტალურად გააცნო მათ ის ვითარება, რომელიც შეიქმნა ბოლო ხანებში ჩვენს ქვეყანაში, კრიზისის სიღრმე, რომელიც აუცილებლად მოითხოვს ახალი არჩევნების ჩატარებას. ამაზე ვისაუბრეთ, ეს იყო ძირითადი თემა, პრეზიდენტის მხრიდან ჩვენთვის ამ ინფორმაციის გაცნობა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
რაც შეეხება აეროპორტში მომხდარ ფაქტს, ბადრი ჯაფარიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილს თავდასხმის შედეგად სახეზე აღენიშნება დაზიანება.
„პრეზიდენტ ზურაბიშვილს სახეზე აღენიშნება მიყენებული დაზიანება. ეს იყო ამაზრზენი თავდასხმა და, შესაბამისად, საზოგადოებისთვის უნდა გახდეს ცნობილი, პროკურატურა როგორ რეაგირებას მოახდენს ამ თავდასხმაზე, რომელსაც მოჰყვა მისთვის ფიზიკური ზიანის მიყენება. ეს არის უკვე „ქართული ოცნების“ მხრიდან გამოვლენა იმ აგონიის, რომელშიც დღეს, ახლა იმყოფება დე ფაქტო ხელისუფლება“, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.