ბადრი ჯაფარიძე - ყველას მოვუწოდებ აქტიურობისკენ, გაყალბების წინააღმდეგ ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი არის ამომრჩევლების მაღალი აქტივობა
ბადრი ჯაფარიძე - ყველას მოვუწოდებ აქტიურობისკენ, გაყალბების წინააღმდეგ ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი არის ამომრჩევლების მაღალი აქტივობა

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე მოუწოდებს თანამოქალაქეებს, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და აღნიშნა, რომ არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი არის ამომრჩევლების მაღალი აქტივობა.

„მე გავაკეთე არჩევანი ცვლილებებისთვის, რათა ცვლილებამ ქვეყანაში მოგვიტანოს სტაბილურობა იმისთვის, რომ დასრულდეს დაპირისპირება, სიძულვილი და იმისთვის, რომ დავიწყოთ ქვეყნის გამოყვანა კრიზისიდან, იმ ჩიხიდან, სადაც ახლა ვიმყოფებით. მინდა, მოვუწოდო ყველა ჩემს თანამოქალაქეს, რომ აუცილებელია, ყველამ გამოიყენოს მის ხელში არსებული მძლავრი იარაღი, იმისთვის, რომ შევცვალოთ არსებული ვითარება, დავიწყოთ ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა და შევძლოთ საზოგადოების გამთლიანება. ამისთვის აუცილებელია, ყველა ჩვენმა თანამოქალაქემ გამოიყენოს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტი, რასაც ჰქვია ხმა, ცვლილებების ინსტრუმენტი, მოვიდეს საარჩევნო უბანზე, მისცეს ხმა ქვეყნის, ოჯახის, შვილების მომავალს.

მე მინდა, ყველას მოვუწოდო მაღალი აქტიურობისკენ, რადგან გაყალბებისა და არჩევნების მითვისების წინააღმდეგ ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი არის მაღალი გამოცხადება და ამომრჩევლების აქტივობა. იმისთვის, რომ რეალურად შევძლოთ, ხალხის ნება სრულად დაფიქსირდეს, საჭიროა, თითოეულმა ჩვენმა თანამოქალაქემ აიღოს ხელში საწერ-კალამი, მოხაზოს მისთვის სასურველი კანდიდატი, პარტია და ამით დაიწყოს ცვლილებები“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

კითხვაზე, რა მოლოდინი აქვს არჩევნების შემდეგ და ელოდება თუ არა დედაქალაქში მეორე ტურს, ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

„ჩემი მოლოდინებით, ოპოზიცია გაიმარჯვებს დამაჯერებლად, ამისთვის აუცილებელია არჩევნების დროს მაღალი აქტიურობა. ეს არის ყველაზე ეფექტური იარაღი, რათა არ დავუშვათ არჩევნების მიტაცება და არჩევნების გაყალბების მცდელობა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან, კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ არ გამართლდა მოლოდინები ოპოზიციის გამარჯვებასთან დაკავშირებით, რა გეგმა აქვს ოპოზიციას, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა,

„ჩვენ არ დავუშვებთ გაყალბების მცდელობებს. ახლა მოგვდის ინფორმაცია, რომ სხვადასხვა ქალაქსა და უბნებზე დარღვევებია, ახლა გაიმართება შესაბამისი ბრიფინგი, ბათუმშიც გაიმართება ბრიფინგი, სადაც დაფიქსირდა კარუსელის ფაქტი. ამიტომ ჩვენ შევებრძოლებით ხმების მიტაცების ყველა მცდელობას, ე.წ კარუსელების, გაყალბების, მანიპულაციების და ამის წინააღმდეგ. ყველაზე მძლავრი იარაღი არის ჩვენი თანამოქალაქეების აქტივობა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

დატოვე კომენტარი